NBC News-ის ცნობით, NBA და WNBA-მ შავკანიანი ჯეიკობ ბლეიქისთვის პოლიციის მხრიდან ზურგში სროლის გამო, თამაშები გადადეს. ბლეიქს ვინსკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში პოლიციამ მიმდინარე კვირას ესროლა.

"ბოლო ოთხმა თვემ ნათელი მოჰფინა რასობრივ დისკრიმინაციას, რომელსაც ჩვენი აფროამერიკელი თემი აწყდება. მოქალაქეებმა ამ უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს. რამდენიმე დღის წინ, ჩვენს მშობლიურ შტატ უინსკონსინში ისევ ვიხილეთ საშინელი ვიდეო, სადაც პოლიციის ოფიცერმა კენოშადან, ჯეიკობ ბლეიქს ზურგში შვიდჯერ ესროლა და, ასევე, ესროლეს აქციის მონაწილეებსაც, რომლებმაც მომხდარი გააპროტესტეს. ამ ყველაფრის შეცვლის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, კონკრეტული ქმედებები არ ჩანს. ამ პირობებში დღეს ჩვენი ფოკუსი კალათბურთი ვერ იქნება", — განაცხადა კალათბურთელმა, სტერლინგ ბრაუნმა.

კალათბურთელების ამ ქმედებას გუნდის ვიცე-პრეზიდენტი, ალექს ლაშრიც ტვიტერზე გამოეხმაურა და რეალური ცვლილებების მიღწევისთვის ბრძოლაში დახმარება აღუთქვა.

"რაღაცები კალათბურთზე ბევრად მნიშვნელოვანია. ჩვენი კალათბურთელებისა და ორგანიზაციის ქმედება აჩვენებს, რომ ყელში ამოგვივიდა. კმარა. ცვლილებები უნდა დაიწყოს. მე ამაყი ვარ ჩემი ბიჭების საქციელით და ჩვენ 100%-ით მოთამაშეების გვერდით ვართ, რათა მათ რეალური ცვლილებების მიღწევაში დავეხმაროთ", — დაწერა ტვიტერზე გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექს ლაშრიმ.

29 წლის ჯეიკობ ბლეიქს, პოლიციამ შვილების თანდასწრებით, ზურგში ესროლა. ამერიკული მედია ABCnews-ის ცნობით, ბლეიქი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ექიმებმა არ იციან შეძლებს თუ არა ის ოდესმე ისევ გავლას.

24 აგვისტოს მომხდარმა სროლამ კენოშაში, უისკონსინის შტატში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია. აქციის ასობით მონაწილემ დაწესებული კომენდანტის საათი უგულებელყო და 24-25 აგვისტოს მასობრივი არეულობაში ჩაერთო. მათ პოლიციის მანქანების მინები ჩაამსხვრიეს, ცეცხლი წაუკიდეს შენობებს, გაემართნენ პოლიციის ოფისისკენ, თუმცა ამ დროს სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ვიდეოში, რომელიც თვითმხილველის მიერაა გადაღებული, ჩანს როგორ მისდევს სამი ოფიცერი ბლეიქს და შემდეგ ერთი როგორ ესვრის მას ზურგში მრავალჯერ მაშინ, როცა ის მანქანის კარს აღებს და სავარძელში ჯდება. მისი სამი შვილი, რომლებიც ამ დროს მანქანის უკანა სავარძელში ისხდნენ, მომხდარის თვითმხილველნი გახდნენ.

ბლეიქის ცოლმა, ლაქუიშა ბუქერმა განაცხადა, რომ პოლიციელები სროლით მასაც დაემუქრნენ, როცა მან შვილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვა.

სროლაში მონაწილე ოფიცრები, ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს და მათი ვინაობა, ჯერჯერობით, არ დაუსახელებიათ.