დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის მთავარი პრობლემა არის არა სიმკაცრის ნაკლებობა, არამედ იმპლემენტაცია, ანუ კანონის სამართლიანად და თანასწორად აღსრულება. ამის შესახებ მან TV პირველთან საუბრის დროს განაცხადა.

ჩუგოშვილის განცხადებით, ძალადობრივი ფორმების [იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე] გამოყენება ყოველთვის ხდებოდა ხელისუფლებიდან, ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირებიდან, ან სხვადასხვა ძალოვანის სტრუქტურებისგან არა მხოლოდ ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ, არამედ ყველა არჩევნებში.

"მხოლოდ ამ კანონის მიღება, თუკი მიზანი ისაა, რომ ამ არჩევნების საერთაშორისო შეფასებაში ერთი პოზიტიური ელემენტი ჩაემატოს, საკმარისი ვერ იქნება. პირიქით, ეს უფრო დიდ დაკვირვებას გამოიწვევს თუ როგორ იქნება აღსრულებული კანონი", — განაცხადა ჩუგოშვილმა.

ქართული ოცნება გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. მმართველი გუნდის ლიდერისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებენ და სექტემბერში რეგლამენტით გათვალისწინებულ სესიებზე განიხილავენ.