ნიუ-იორკის გუბერნატორის, ენდრიუ ქუომოს, გადაწყვეტილებით, ისტ რივერის პარკი მარშა პ. ჯონსონის სახელობის იქნება. აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა სახელმწიფო პარკს ლგბტქ აქტივისტის და უფლებადამცველის სახელი ენიჭება.

24 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ქუომომ აღნიშნა, თუ რა გაკეთდებოდა ტრანსგენდერი სამოქალაქო აქტივისტის 75-ე დაბადების დღის აღსანიშნავად.

"ამაყად გაცნობებთ, რომ ბრუკლინში მდებარე ისტ რივერის სახელმწიფო პარკს მარშა პ. ჯონსონის სახელი მიენიჭება. ამდენად იგი პირველი სახელმწიფო პარკი ხდება, რომელიც ლგბტქ პიროვნებას ეძღვნება", — წერს ქუომო ტვიტერზე, — "ნიუ-იორკი მოვალეა, დააფასოს მისი შეუპოვარი მხარდაჭერა და მუხლჩაუხრელი ბრძოლა ლგტბქ თანასწორობისათვის".

განცხადებაში ნათქვამია, რომ პარკში იგეგმება ინფრასტრუქტურის განახლება და ნახატის განთავსება, რითაც ხალხი ჯონსონის ცხოვრებასა და ლგბტქ უფლებებისთვის ბრძოლაში მის როლზე შეიტყობს. ისტ რივერის პარკის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი განახლებაა.

2017 წელს ნეტფლიქსმა დოკუმენტური ფილმი, მარშა პ. ჯონსონის სიკვდილი და სიცოცხლე, გამოუშვა, რომლის რეჟისორიც დევიდ ფრენსია.

ფოტო: Randy Wicker

ჯონსონი ერთ-ერთი პირველი აქტივისტი იყო, რომელმაც განსხვავებული კანის ფერის მქონე ტრანსგენდერი ქალების უფლებებისთვის ღიად დაიწყო ბრძოლა. მას დიდი წვლილი მიუძღვის 1969 წლის ეგრეთ წოდებული სტოუნუოლის ამბოხის მოწყობაში.

1969 წლის 28 ივნისს, მანჰეტენის გრინვიჩ ვილეიჯის უბნის ერთ-ერთ გეი ბარში, სტოუნუოლ ინში, ნიუ-იორკის საქალაქო პოლიციის ოფიცრები შეიჭრნენ დისკრიმინაციული კანონის დარღვევის აღსაკვეთად, რომელიც გეი ადამიანებს ალკოჰოლის მიღებას უკრძალავდა. ჯონსონმა და მისმა თანამოაზრეებმა ამ უსამართლობის წინააღმდეგ გაილაშქრეს, რამაც მოგვიანებით თანამედროვე ლგბტქ აქტივიზმს ჩაუყარა საფუძველი.

შარშან ნიუ-იორკის პოლიციის განყოფილების კომისარმა, ჯეიმს ო'ნილმა, ადგილობრივი პოლიტიკოსების და ლიდერების მოწოდებების შემდეგ სტოუნუოლის რეიდის გამო მოიბოდიშა.

"სტოუნუოლში მომხდარის ექსპერტად არ გამოვდგები, თუმცა ვიცი, რომ რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო", — განაცხადა ო'ნილმა გასული წლის ივნისში, — "მარტივად რომ ვთქვათ, ნიუ-იორკის პოლიციის მიღებული ზომები არასწორი იყო".

ჯონსონმა აგრეთვე დააფუძნა ქუჩის ტრანსგენდერული მოძრაობის რევოლუციონერები (STAR) — ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავდა უსახლკარო ტრანსგენდერი ახალგაზრდების დახმარებას. ამ მოძრაობას სათავეში იგი 1992 წლამდე უდგა, სანამ იგი ტრაგიკულად დაიღუპებოდა 46 წლის ასაკში. მისი სხეული პოლიციამ ჰუდსონის მდინარეში იპოვა, რის გამოც, თავდაპირველად, თვითმკვლელობის ვერსია განიხილებოდა, თუმცა 2012 წელს პოლიციამ გამოძიება განაახლა, რადგან მისი ოჯახი ირწმუნებოდა, რომ მარშა მოკლეს.

ქუომოს განცხადებით, მათ სურთ, ჯონსონის სახელის უკვდავსაყოფად მისი მოღვაწეობა დააფასონ.

ჯონსონის 75-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, აშშ-ის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო პარკს ლგბტქ ადამიანის სახელი ეწოდა.

ფოტო: NY State Parks

"ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ და საზოგადოებას პროგრესისკენ უბიძგებენ, როგორც ნიუ-იორკში, ასევე მთელ ქვეყანაში, შეუმჩნევლები რჩებიან", — ნათქვამია ქუომოს განცხადებაში, — "მარშა პ. ჯონსონი ლგბტქ მოძრაობის ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო და მხოლოდ ახლაღა აფასებენ ისე, როგორც იგი იმსახურებს. სახელმწიფო პარკისთვის მისი სახელის წოდებით და ნახატით, რომელიც მის ისტორიას მოჰყვება, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საზოგადოებაში ყოველთვის იყო მისი და მისი ნამოღვაწარის ხსოვნა".

ნიუ-იორკის ვიცე-გუბერნატორის, კეთი ჰოქულის თქმით, ამჟამინდელი სიტუაცია შესაფერისია ჯონსონის დასაფასებლად, რომელსაც იგი "ლგბტქ გმირს" უწოდებს.

ფოტო: NY State Parks

"ახლა, როცა მსოფლიოში პანდემიაა, აშშ-ში კი 'შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია' მოძრაობა განახლდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენს საზოგადოებაში ლგბტქ და რასობრივი თანასწორობისთვის ვიბრძოლოთ", — ამბობს ჰოქული, — "ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ აქამდე — მივიღეთ GENDA (გენდერის გამოხატულების არადისკრიმინაციული აქტი) და გესტაციური სუროგაციის კანონი, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, რათა აღმოვფხვრათ საზოგადოებაში არსებული დანაწევრება და სიძულვილი, რის შემდეგაც ჭეშმარიტ თანასწორობას მივაღწევთ".

მარშა ჯონსონი და მისი თანამოაზრეები ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გეი სტუდენტების მხარდასაჭერ აქციაზე 1970 წელს.

ფოტო: Diana Davies / NYPL / Handout via Reuters, FILE

გადაწყვეტილების მიღების პარალელურად, აშშ-ში კვლავ მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, მოთხოვნა კი კვლავ უცვლელია — სხვადასხვა ინსტიტუტებში არსებული დისკრიმინაციის, რასიზმის და სისტემური ჩაგვრის აღმოფხვრა.