ჰონგ-კონგის 2019 წლის აქციებში მონაწილე ორი ოპოზიციონერი, საკანონმდებლო პრო-დემოკრატი წევრები დააკავეს. ლამ ჩეუნ-ტინგი და ტედ ჰუი ჩი-ფუნგი 26 აგვისტოს, დილით საკუთარ სახლებში დააკავეს. მათ 2019 წლის მოვლენების გამო წარუდგინეს ბრალი.

როგორც BBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ოპერაციის დროს სულ 16 პირი დააკავეს.

ლამის ოფისის წარმომადგენლების თქმით, ოპოზიციონერს წინა წლის 21 ივლისს რკინიგზის სადგურზე არეულობაში მონაწილეობა ედება ბრალი. აღსანიშნავია, რომ ლამი ათეულობით დაშავებულს შორის იყო. გარდა ამისა, მას წინა წლის 6 ივლისის მოვლენების დროს საკუთრების დაზიანებასა და მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლაშიც ადანაშაულებენ.

რაც შეეხება მეორე ოპოზიციონერ ჰუის, მას წინა წლის 6 ივლისს მართლმსაჯულებისთვის აღსრულების ხელის შეშლა, კომპიუტერში შეღწევა და ზარალის მიყენება ედება ბრალად.

როგორც BBC აღნიშნავს, 21 ივლისს პრო-დემოკრატ აქტივისტებს რკინიგზის სადგურზე თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს, რაც თვითმხილველებისა და თვითონ აქტივისტების მიერ კამერებზეა დაფიქსირებული. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანდნენ თეთრებში ჩაცმული კაცები, რომლებიც მატარებლებში მყოფებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დაიგვიანა, რამაც დემონსტრანტების დამატებითი უკმაყოფილება გამოიწვია. სადგურზე თავდასხმის საქმეზე სულ 44 პირია დაკავებული.