საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან, საბავშვო ბაღებში კი ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან განახლდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

მისივე თქმით, ინტენსიურად მუშაობენ უნივერსიტეტებთან და გადაწყვეტილება უმაღლეს დაწესებულებებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

საქართველოში სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სწავლა კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, მარტიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც სკოლებს პანდემიის პერიოდში მოუწევთ.

უწყების ცნობით, სკოლებს, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეუძლიათ დანერგონ შერეული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ერთცვლიანი სკოლები უნდა გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით. ამასთან, სკოლების განტვირთვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე.

ასევე წაიკითხეთ: