Netflix-ის საშემოდგომო ორიგინალური ფილმების კოლექცია ნელ-ნელა ფორმას იძენს, მათგან ერთ-ერთს კი, დიდი ალბათობით, Stranger Things-ის ბევრი ფანი ნახავს — Enola Holmes-ს, რომელშიც შერლოკ ჰოლმსის უმცროსი დის როლს მილი ბობი ბრაუნი ასრულებს.

ეს იდუმალი სათავგადასავლო ფილმი სერ არტურ კონან დოილის შექმნილ სამყაროზე დაფუძნებულ და ნენსი სპრინგერის მიერ დაწერილ წიგნს, დაკარგული მარკიზას საქმე: ინოლა ჰოლმსის საიდუმლოს (The Case of the Missing Marquess: An Enola Holmes Mystery), მიხედვითაა გადაღებული. ფილმი 30 სექტემბერს გამოვა, მანამდე კი ნეტფლიქსმა მისი პირველი ტრეილერი შემოგვთავაზა:

Netflix-ზე ფილმის წინასწარი მიმოხილვა შემდეგნაირია:

"ინგლისი, 1884 წელი — სამყარო ცვლილებების ზღვარზე. თავისი მე-16 დაბადების დღის დილას ინოლა ჰოლმსი (მილი ბობი ბრაუნი) გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ დედამისი (ჰელენა ბონემ კარტერი) გაუჩინარდა. მან უცნაური საჩუქრები დატოვა, თუმცა არავითარი მინიშნება იმაზე, თუ სად ან რატომ წავიდა. თავისუფლებით მოცული ბავშვობის შემდეგ ინოლა უეცრად თავისი ძმების — შერლოკის (ჰენრი კევილი) და მაიკროფტის (სემ კლაფლინი) — მეურვეობაში ექცევა და ორივეს მისი "ნამდვილი" ახალგაზრდა ქალბატონების სკოლაში გაგზავნა სურს.

მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ინოლა დედის მოსაძებნად ლონდონში გარბის. თუმცა როდესაც ამ თავის თავგადასავალში ის ახალგაზრდა გაქცეული ლორდის (ლუი პარტრიჯი) იდუმალებით მოცულ ამბავში ეხვევა, ინოლა თვითონაც დეტექტივის როლს ირგებს და ჭკუით თავის ცნობილ ძმასაც კი ჯობნის, რადგან ისეთ შეთქმულებას ხდის ფარდას, რომელიც კაცობრიობის ისტორიის შეჩერების საფრთხეს ქმნის. ნენსი სპრინგერის ფანების საყვარელ წიგნების სერიაზე დაფუძნებული Enola Holmes ახალი დინამიური, იდუმალებით მოცული სათავგადასავლო ფილმია, რომელიც სამყაროს უდიდეს დეტექტივებს ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე აყენებს: მათი თინეიჯერი დის".

ფილმს ჰარი ბრედბირი იღებს, რომელსაც სერიალ Fleabag-ისთვის ემის ჯილდო აქვს მოპოვებული. მას ასევე Killing Eve-ის რამდენიმე სერია აქვს გადაღებული. Enola Holmes-ის სცენარი ჯეკ თორნს ეკუთვნის, რომელმაც Netflix-ისთვის წელს გამოსული მუსიკალური სერიალი The Eddy შექმნა.

ამავე თემაზე: