რუსეთის დუმის უშიშროებისა და ანტიკორუფციული კომიტეტი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეს საგარეო ჩარევის კუთხით გამოიძიებს. ამის შესახებ დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

დუმის სპიკერის თქმით, კომიტეტი გამოიძიებს, ხომ არ მოწამლეს ნავალნი მიზანმიმართულად, რათა ამას ქვეყანაში დაძაბულობა გამოეწვია.

"დუმის კომიტეტს დავალება მიეცემა, რომ გააანალიზოს მომხდარი, რათა დაადგინოს, ხომ არ იყო მცდელობა სხვა ქვეყნების მხრიდან ზიანი მიეყენებინათ რუსეთის მოქალაქისთვის, ამით გამოეწვიათ ქვეყნის შიგნით დაძაბულობა და ჩვენი ქვეყნის მიმართ მორიგი ბრალდებები ჩამოეყალიბებინათ", — განაცხადა ვოლოდინმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ინციდენტში სხვა ქვეყნების მონაწილეობაზე მიუთითებს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებები.

მერკელი და ბორელი მოითხოვდნენ, რომ რუსეთს ნვალნის მოწამვლის საქმე გამოეძიებინათ. აღნიშნულ განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეოც შეუერთდა.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში, 20 აგვისტოს მოათავსეს. ის ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ნავალნი საავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდა, რაც ტომსკი-მოსკოვის რეისზე თავი შეუძლოდ იგრძნო. ავიალაინერში მასთან ერთად მყოფი პრესმდივნის თქმით, ის, მოწამლეს. იარმიში ასევე ამბობს, რომ დილით ნავალნიმ მხოლოდ ჩაი დალია.

22 აგვისტოს ნავალნი სპეცთვითმფრინავით რუსეთიდან გერმანიაში გადაიყვანეს. ექიმებმა დაადასტურეს, რომ საქმე "შესაძლო" მოწამვლასთან იყო. დღემდე კლინიკის მახლობლად პოლიციის რამდენიმე ავტობუსი და 10-მდე სამართალდამცავი მორიგეობს, რომლებიც პერიმეტრზე 2-5 კაციანი ჯგუფით გადაადგილდებიან.