BBC-ს ინფორმაციით, კრემლი უარყოფს ბრალდებას ნავალნის მოწამვლის თაობაზე. კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ბრალდებები იმდენად ყალბია, სერიოზულადაც კი არ აღიქმება.

პესკოვის განცხადებით, ასეთი ბრალდებები "ცარიელი ხმაურის" შექმნის მცდელობას ჰგავს, რომელიც, ცხადია, არ უნდა იქნეს სერიოზულად შეფასებული.

საპასუხოდ, ნავალნის სპიკერმა განაცხადა, რომ არც ელოდა კრემლისგან გამოძიების დაწყებას.

"ცხადი იყო, რომ დანაშაული არ იქნებოდა გამოძიებული და არც დამნაშავის პოვნა იგეგმებოდა. ჩვენ ყველამ ვიცით ეს ვინცაა", — განაცხადა მან საკუთარ twitter-ზე.

პესკოვის თქმით, რუსი და გერმანელი ექიმების დიაგნოზი სრულიად განსხვავებულია და მას არ ესმის, რატომ იჩქარეს დასკვნების გაკეთებაში გერმანელებმა, მაშინ, როცა ის ნივთიერება არც კი გამოუქვეყნებიათ, ამის შესახებ BBC-ზე ვკითხულობთ.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში, 20 აგვისტოს მოათავსეს. ის ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ნავალნი საავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდა, რაც ტომსკი-მოსკოვის რეისზე თავი შეუძლოდ იგრძნო. ავიალაინერში მასთან ერთად მყოფი პრესმდივნის თქმით, ის, მოწამლეს. იარმიში ასევე ამბობს, რომ დილით ნავალნიმ მხოლოდ ჩაი დალია.

22 აგვისტოს ნავალნი სპეცთვითმფრინავით რუსეთიდან გერმანიაში გადაიყვანეს. ექიმებმა დაადასტურეს, რომ საქმე "შესაძლო" მოწამვლასთან იყო. დღემდე კლინიკის მახლობლად პოლიციის რამდენიმე ავტობუსი და 10-მდე სამართალდამცავი მორიგეობს, რომლებიც პერიმეტრზე 2-5 კაციანი ჯგუფით გადაადგილდებიან.

ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი ოპოზიციონერია. პოლიტიკური აქტიურობის გამო ის მოსკოვში არაერთხელ დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობაც მიუსაჯეს. პირველ ჯერზე საპატიმრო დაწესებულებაში მან ათი დღე გაატარა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დაავალა, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 11-თვიანი შინაპატიმრობისთვის თითქმის 23 ათასი ლარი გადაუხადოს