რუსული მედია ვედომოსტი ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ბელარუსს ბეტეერებსა და რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავს გადასცემს. საუბარია BTR-82A კლასის ჯავშანტრანსპორტიორებსა და ოთხი ერთეული MI-35M კლასის შვეულმფრენის პირველ პარტიაზე. მედიის ცნობით, შესაბამისი ხელშეკრულება საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმში "არმია-2020" გაფორმდა.

მანამდე ბელარუსის თავდაცვის უწყებამ მინკსში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე სამხედრო ნაწილში მზადყოფნის შესახებ განაცხადა. ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომლიც გადადგომის მოთხოვნით ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში აქციები დღემდეგ არ წყდება, სამხედრო დახმარება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც აღუთქვა.

ლუკაშენკომ ბელარუსის დასავლეთ საზღვართან ჯარების მობილიზებაზე, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) დაადანაშაულა. ნატომ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ბელარუსს არანაირ საფრთხეს არ უქმნიან და არც სამხედრო მობილიზება აქვთ გამოცხადებული.

23 აგვისტოს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში კიდევ ერთი მასშტაბური აქცია გაიმართა. 100 000-ზე მეტი ადამიანმა ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა. მინსკის გარდა, საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა ბელარუსის ქალაქებში — ბრესტსა და გროდნოში.

რა ხდება ბელარუსში

ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს, რისი მიზეზიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%.

შედეგებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს და ლუკაშენკოს გაყალბებაში ადანაშაულებს. არჩევნების შედეგები არ აღიარა აშშ-მ, ირლანდიამ, კანადამ და ევროკავშირმა. ამავდროულად, ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები დაუწესა.

პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის გამო გადადგა ბელარუსის მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება კი "დიქტატორის" გადადგომას ითხოვს, თუმცა ლუკაშენკო მოქალაქეებს სპეცრაზმითა და ჯარის ძალით პასუხობს.

აქციებზე ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშავდა ათასობით ადამიანი, დააკავეს შვიდი ათასზე მეტი. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციებზე გარდაიცვალა 3 ადამიანი, თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ერთის გარდაცვალებას ადასტურებს. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ კლავენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს.

ქვეყნის დატოვება მოუწია საპრეზიდენტო კანდიდატს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას. თავდაპირველად გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც მან მომიტინგეებს დანებებისკენ მოუწოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ვიდეო დადგმულია და იძულებითაა ჩაწერილი. მეორე ვიდეომიმართვაში კი ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ მზად არის გახდეს ეროვნული ლიდერი და ბრძოლა გააგრძელოს.

ევროპული სახელმწიფოების საპირწონედ არჩევნების შედეგები აღიარა რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა. მეტიც, კრემლმა ბელარუსს კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალების მეშვეობით დახმარება შესთვაზა აქციების დასაშლელად.