ახალ წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების - 112-ის, დაცვის პოლიციის, მომსახურების სააგენტოსა, სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლები დამსაქმებლისგან საახალწლო საჩუქრების ნაკრებს მიიღებენ.

საჩუქრების შესაძენად და თანამშრომლებისთვის დასარიგებლად, შსს-ს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბრძანება 2016 წლის 10 ნოემბერს გამოსცა. მინისტრის ბრძანებით, ალკოჰოლურ სასმელები, ჯამში, 402 000 ლარის ფარგლებში უნდა შეიძინონ, სხვადასხვა შოკოლადის ნაკრები კი – 588 403 ლარად.

მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, უწყების თანამშრომლები 1 ბოთლ ცქრიალა ღვინოს, 1 ბოთლ წითელ ღვინოსა და სხვადასხვა სახის შოკოლადს მიიღებენ. აღნიშნული საჩუქრების შესაძენად შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს 2 ტენდერის გამოცხადება დაევალა. ტენდერები უკვე გამოცხადებულია, რომლის მიხედვითაც 40 ათასი სასაჩუქრე ნაკრები კეთდება. თუმცა, გამარჯვებული კომპანიები ჯერ არ გამოვლენილან.

ალკოჰოლური სასმელის სატენდერო წინადადების მიხედვით, ქიმიური დანამატების გარეშე დამზადებული ღვინოები 750 მლ შუშის ბოთლებში უნდა იყო ჩამოსხმული. ცქრიალა ღვინო ნახევრად მშრალი, წითელი ღვინო კი, ნახევრად ტკბილი, საფერავის ან სხვადასხვა წითელი ყურძნისგან დამზადებული უნდა იყოს. ამ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 372 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა შპს შუხმან ვაინს ჯორჯიამ ნახევარზე ნაკლებ თანხად - 176 500 ლარად შესთავაზა მომსახურების გაწევა.

შსს-ს მიერ გამოცხადებული მეორე ტენდერის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, თითო სასაჩუქრე ნაკრებისთვის 1 ცალი ასაწონი შოკოლადის ასორტითა (არანაკლებ 1,015 კგ) და 1 ცალი შოკოლადის ნაკრებით (არანაკლებ 234 გრ) უზრუნველყოს. გარდა ამისა, გამარჯვებულმა კომპანიამ შოკოლადის ნაკრები და ალკოჰოლური სასმელი უნდა მოათავსოს შემსყიდველის მიერ მიწოდებულ სასაჩუქრე ყუთებში. ამ შესყიდვისთვის უწყებას 578 062 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. სწორედ ამ ფასად სთავაზობს მომსახურების გაწევას ბარამბო. მის გარდა, აღნიშნული მომსახურების გასაწევად სურვილი არავის გამოუთქვამს.