მეზობელი ქვეყნები ეხმიანებიან შატილში მომხდარ ტრაგედიას. სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰან ბაირამოვი ტვიტერის საშუალებით მწუხარებას გამოთქვამენ და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებენ.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დუშეთში მომხდარი ავტოავარიის გამო, რომელსაც უამრავი უდანაშაულო სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ოჯახის წევრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს", — ნიკოლ ფაშინიანი.

"ძალიან ვწუხვარ დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევი გამო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს მეგობარ ქართველებს", — ჯაიჰან ბაირამოვი.

შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა — 3. შსს-ში აცხადებენ, რომ დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.