თუკი ახალი The Batman-ის ტიზერის პირველი ნახვისას კოლინ ფარელი ვერ შენიშნეთ, არ იდარდოთ, რადგან მარტო არ ხართ — ბეტმენის საკულტო ბოროტმოქმედის როლში მყოფი ფარელის გარდასახვა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისი ამოცნობა ძალიან რთულია. თავიდან ფანებს არც კი სჯეროდათ, რომ გრიმის ქვეშ სწორედ ის იყო.

ზოგს ეგონა, რომ პინგვინის როლს სხვა მსახიობი, რიჩარდ კაინდი, ასრულებდა. უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსება ნამდვილად არის:

22 აგვისტოს DC Comics-ის პირველ ვირტუალურ კონფერენციაზე, DC FanDome-ზე, ბნელ რაინდზე გადაღებული მეთ რივზის ახალი ფილმის, The Batman-ის, პირველი ტიზერის დებიუტი შედგა. ბეტმენის საკულტო ბოროტმოქმედების, სელინა კაილის/ქალი-კატის (ზოი კრავიცი) და Riddler-ის (პოლ დანო), ახალი ინტერპრეტაციების გარდა ახალ ჩანაწერში ასევე რამდენიმეჯერ კოლინ ფარელის შესრულებულ ოსვალდ კობლპოტს/პინგვინს მოვკარით თვალი.

ფოტო: Warner Bros.

პინგვინს იარაღებით ბრძოლის სცენაში ვხედავთ, გაბრაზებულად მდგომს, შემდეგ კი მას ბეტმობილი მისდევს.

რივზის თქმით, The Batman-ში ამ ბოროტმოქმედების ადრეულ ვერსიებს ვიხილავთ. აქ კობლპოტი ჯერ "პინგვინის" სახელით არ მოღვაწეობს და, როგორც ჩანს, მეტსახელი დიდად არც ადარდებს.

რივზმა ფილმში ფარელის როლი იანვარში დაადასტურა. ის რობერტ პატინსონთან, ჯეფრი რაითსა და ენდი სერკისთან ერთად გამოჩნდება.

The Batman-ის გამოსვლა 2021 წლის ოქტომბრისთვის იგეგმება. ფილმის გადაღებები შემოდგომაზე გაგრძელდება.

ფოტო: Warner Bros. Pictures