ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ოპოზიციის საერთო მემორანდუმს ეხმიანება. მისი თქმით, ევროპული საქართველო, სხვა პარტიებთან ერთად, გააკეთებს ყველაფერს, რათა არჩევნები იყოს სამართლიანი და დასრულდეს ივანიშვილის ხელისუფლება.

"მხოლოდ თავისუფალ ადამიანთან ერთობას აქვს ფასი, რადგან თუ არ არის თავისფლება და არის მონური და ბატონ-ყმური მდგომარეობა, იქ, ბუნებრივია არც ერთობას არ აქვს არანაირი აზრი. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ კოალიციაზე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ერთობა ბევრი თავისუფალი ადამიანის, ბევრი თავისუფალი ორგანიზაციის, სწორედ ასეთ ერთობას აქვს ფასი", — განაცხადა უგულავამ.

მანვე ისაუბრა ოპოზიციის მიერ შექმნილ ხმების დაცვის საკოორდინაციო საბჭოზე და განაცხადა, რომ იქნება "ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის".

"ჩვენ დავიცავთ ერთმანეთის ხმებს, განურჩევლად პარტიისა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანაში არავის უნდა ქონდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, გაყალობების და არჩევნების მითვისების შესაძლელობა. თამაშის წესები სჭირდება ყველას თანაბარი, წესები უნდა იყოს ყველასთვის გამჭირვალე და ყველასთვის ერთი, მხოლოდ ასეთ გამარჯვებას აქვს ფასი, მხოლოდ ასეთ გამარჯვებას მიიღებს ჩვენი საზოგადოება და სწორედ ასეთი გამარჯვების შემდეგ შევძლებთ ჩვენ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას, რომელშიც ივანიშვილმა მიიყვანა", — აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ეს არის ბრძოლა, რათა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს ქვეყანაში და შეიცვალოს ის კოალიციით, შესაბამისად, ალტერნატივა არის კოალიცია ბელადის ნაცვლად.

"ამ თვალსაზრისით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, მათი დამკირვებლები და მათი წარმომადგენლები ამ შეთანხმებას დავიცავთ. განსაკუთრებული როლი ექნება ევროპულ საქართველოს, რადგან ჩვენ გვყავს კომისიებში წარმომადგენლები და შესაბამისად ევროპული საქართველოს სახელითაც მე სრულ მზადყოფნას გამოვთქვავ, იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ყველამ ერთისთვის და ერთმა ყველასათვის", — განაცხადა უგულავამ.