"თითოეული ხმის დასაცავად" — ამ მიზნითა და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად, ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კოორდინირებულად იმუშავებენ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი დაუყენეს.

მათივე განცხადებით, ერთობლივად და შეთანხმებულად იმუშავებენ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები.

"პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება. ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას", — თანხმდებიან ოპოზიციაში.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ეს ისტორიული მოვლენაა და ნიშნავს იმას, რომ მმართველი ელიტა უნდა შეეგუოს ძალაუფლებაში ვერდარჩენის პერსპექტივას, რადგან ვერცერთ ხმას ვერ გააყალბებენ. ევროპული საქართველოს განცხადებით, ეს ხელმოწერა აჩვენებს, რომ ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობა შემდგარი ფაქტია, ხოლო მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშორებაა.

"შევთანხმდით, რომ შევქმნით ხმების დაცვის საკოორდინაციო საბჭოს და ვიქნებით ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის", — განაცხადა გიგი უგულავამ.

ნინო ბურჯანაძდემ მოუწოდა ოპოზიციის იმ ლიდერებს, "ვისაც ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება სურს", განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მოაწერონ ხელი ამ მემორანდუმს.

გთავაზობთ მემორანდუმის ტექსტს:

"საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია, ვთანხმდებით, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უმძიმეს გამოწვევას წარმოადგენს.

ივანიშვილი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს რათა საზოგადოებაში ნიჰილიზმი დანერგოს, მოახდინოს მთელი პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია, ამ პირობებში ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა გავაძლიეროთ. არჩევნების გზით, მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილება, არის ის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მისცემს საშუალებას მტკიცე ნაბიჯებით განაგრძოს სვლა დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. სწორედ ასეთ საზოგადოებებშია ხელისუფლების ცვლა ნორმალური მოვლენა, რომელსაც მოქალაქეების დაყოფა და ურთიერთანგარიშსწორება არ მოჰყვება.

ივანიშვილის რეჟიმის ხელშია მობილიზებული, როგორც ადმინისტრაციული, ისე ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი საზოგადოების ნაცვლად მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დემოკრატიული ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა თითოეული ხმის დასაცავად და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად. ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად ვიმუშავებთ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დავუყენეთ. პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება. ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას.

ქვეყნის შიგნით, საარჩევნო პროცესისადმი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერასა და ხმების დაცვის მიზნით კოორდინაციასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ ერთობლივად, შეთანხმებულად ვიმუშავებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის დამარცხებით, საქართველოში საარჩევნო მანიპულაციების მავნე ტრადიციას წერტილი უნდა დაესვას"

მემორანდუმს ხელს აწერს 30-მდე პარტია. მათ შორის:

  • ახალი საქართველო;
  • გამარჯვებული საქართველო;
  • სტრატეგია აღმაშენებელი;
  • გირჩი;
  • ევროპული საქართველო;
  • ნაციონალური მოძრაობა;
  • ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა;
  • ლელო;
  • სამართლიანობისთვის;
  • ლეიბორისტული პარტია;
  • პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნა;
  • ქრისტიან-კონსერვატიული პარტია;

სია განახლდება.