ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები იმსახურებენ იმ ტიპის დეტალურ დაკითხვას, როგორიც მათ გასულ თვეს კონგრესის მოსმენაზე მოუწყვეს. პოდკასტში, Armchair Expert, სტუმრობისას მან ასევე განაცხადა, რომ სტივ ჯობსს გენიოსად თვლის.

"თუ შენ ჩემსავით ან იმ ადამიანებივით [იგულისხმებიან ტექკომპანიების დირექტორები] წარმატებული ხარ, უხეშ, უსამართლო და რთულ კითხვებს იმსახურებ", — უთხრა მან პოდკასტის წამყვანს და მსახიობს, დაქს შეპარდს, — "ამ დროს მთავრობა იმსახურებს, რომ დაგკითხოს. შენს საქმიანობაზე მსგავსი ტიპის ჩაძიებები სუპერწარმატებულობის თანმხლები მოვლენაა. ეს ნორმალურია".

გეიტსმა ეს კომენტარი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 29 ივლისს გამართულ იმ მოსმენასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელზეც Apple-ის, Google-ის, Facebook-ისა და Amazon-ის აღმასრულებელ დირექტორებს თავიანთი ბიზნესსაქმიანობის შესახებ კითხვები დაუსვეს. შეგახსენებთ, რომ ეს ოთხი ტექგიგანტი ანტიმონოპოლიური გამოძიების ქვეშ იმყოფება.

გეიტსი პოდკასტში სხვა მრავალ თემასაც შეეხო, მათ შორის თავის საქმიანობას ვაქცინების შექმნა-დისტრიბუციის სფეროში. მან მაიკროსოფტის დაარსების გამოცდილებაზეც ისაუბრა და იმაზეც, თუ რა გრძნობაა, იყო მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ადამიანი. გეიტსის თქმით, მას გაუჭირდა იმ მოცემულობასთან შეგუება, რომ თანამედროვე პოპ-კულტურაში ტექინდუსტრიის წამყვანი სახეები ერთგვარ ვარსკვლავებად იქცნენ. "ეს სრული სიგიჟე იყო. მე ნერდი და სოციალურად არც ისე აქტიური ადამიანი ვიყავი იმისათვის, რომ უცებ თავი ამომეყო ისეთ რაელობაში, სადაც ყველას აინტერესებს, რას იტყვი ამა თუ იმ საკითხზე. ეს ყველაფერი ერთბაშად დამატყდა თავს".

რაც შეეხება მის იმდროინდელ და აწ უკვე გარდაცვლილ "მოქიშპეს", გეიტსმა განაცხადა, რომ ის სტივ ჯობსივით "გამტანი" არასოდეს ყოფილა. მან ასევე აღნიშნა, რომ აღფრთოვანებული დარჩა იმით, თუ როგორ შემოატრიალა კომპანიის საქმიანობა ჯობსმა Apple-ში დაბრუნების შემდეგ: "ჯობსი გენიოსი იყო. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რისი გაკეთებაც მოახრეხა მან Apple-ში დაბრუნების შემდეგ... სხვა ვერავინ შეძლებდა იმას, რაც მან მოახერხა. მე იმავეს ვერ შევძლებდი".

გეიტსმა აღიარა, რომ Apple-ის ყოფილი დირექტორის ქარიზმის შურდა: "ის ადამიანების ზემოტივირების ასპექტში ნამდვილი ჯადოქარი იყო. მე პატარა ჯადოქარი ვიყავი, ამიტომ მისი ჯადო ჩემზე არ მოქმედებდა, მაგრამ იმას კი ვხედავდი, სხვებს როგორ აჯადოებდა", — ხუმრობით აღნიშნა გეიტსმა, — "მისი ძალიან მშურდა".

გეიტსმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა ნაკლოვანებებს ხედავს საკუთარ თავში: "მე დიდად სოციალური არ ვარ, არ ვიცი საკვების დამზადება და ძალიან მრცხვენია, რომ არცერთ უცხო ენას კარგად არ ვფლობ".

პოდკასტი, Armchair Expert, ზოგადად არაფორმალური და სახუმარო ტონით გამოირჩევა. მაგალითად, შეპარდის თანაწამყვანმა გეიტსს ისიც კი კითხა, რა იყო მისი საყვარელი ფერი (როგორც აღმოჩნდა, ეს ლურჯია). სავარაუდოდ, სწორედ მსგავსი ფორმატის წყალობით გეიტსი ჩვეულებრივზე გულღიად პასუხობდა კითხვებს. ინტერვიუდან ჩვენ გავიგეთ, რომ გეიტსს დიეტური კოკა-კოლა, Headspace-ის გამოყენებით მედიტირება და ფილმი Spy Game უყვარს.

თუ ბილ გეიტსთან ამ არაფორმალური ინტერვიუს მოსმენა გსურთ, მთლიანი პოდკასტის პოვნა აქ შეგიძლიათ.