უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევრონიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს. მისი განცხადებით, ის ლუკაშენკოს ადგილას ერთ თვეში "ნამდვილად" ჩაატარებდა განმეორებით არჩევნებს და ყველა დაინტერესებულ საერთაშორი დამკვირვებლებს მოიწვევდა.

"მოდი წარმოვიდგინოთ, რომ მჯერა საკუთარი თავის, მჯერა ხალხისაც და ვარ თავდაჯერებული ადამიანი. როგორ დავამშვიდებდი ხალხს? — ნამდვილად ვიტყოდი, რომ ერთ თვეში ხელახალი არჩვენებია და მე ვიღებ მონაწილებას. ვისაც სურვილი ექნება, ყველამ მიიღოს მონაწილეობა. ასე ყველა დამშვიდდებოდა, სისხლის დაღვრის გარეშე და ეს იქნებოდა ისტორიული მოვლენა", — განაცხადა ზელენსკიმ ევრონიუსთან ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირმა და სხვა დასავლეთის ქვეყნებმა 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარეს.

გუშინ, 23 აგვისტოს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში კიდევ ერთი მასშტაბური აქცია გაიმართა. 100 000-ზე მეტი ადამიანმა ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

რა ხდება ბელარუსში

ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს, რისი მიზეზიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%.

შედეგებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს და ლუკაშენკოს გაყალბებაში ადანაშაულებს. არჩევნების შედეგები არ აღიარა აშშ-მ, ირლანდიამ, კანადამ და ევროკავშირმა. ამავდროულად, ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები დაუწესა.

პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის გამო გადადგა ბელარუსის მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება კი "დიქტატორის" გადადგომას ითხოვს, თუმცა ლუკაშენკო მოქალაქეებს სპეცრაზმითა და ჯარის ძალით პასუხობს.

აქციებზე ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშავდა ათასობით ადამიანი, დააკავეს შვიდი ათასზე მეტი. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციებზე გარდაიცვალა 3 ადამიანი, თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ერთის გარდაცვალებას ადასტურებს. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ კლავენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს.

ქვეყნის დატოვება მოუწია საპრეზიდენტო კანდიდატს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას. თავდაპირველად გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც მან მომიტინგეებს დანებებისკენ მოუწოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ვიდეო დადგმულია და იძულებითაა ჩაწერილი. მეორე ვიდეომიმართვაში კი ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ მზად არის გახდეს ეროვნული ლიდერი და ბრძოლა გააგრძელოს.

ევროპული სახელმწიფოების საპირწონედ არჩევნების შედეგები აღიარა რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა. მეტიც, კრემლმა ბელარუსს კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალების მეშვეობით დახმარება შესთვაზა აქციების დასაშლელად.