მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც გუშინ, 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა, 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა — 3.

სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.