მედიის განვითარების ფონდმა 2016 წლის 15 დეკემბერს წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაშუქებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სანქცირების პრაქტიკის შესახებ კვლევა გაავრცელა. კვლევის მიხედვით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და სასამართლო მედიასაშუალებების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების დარღვევით გაშუქებისას, შერჩევით მიდგომებს იყენებდნენ.

მედიის განვითარების ფონდის მონაცემებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონდარღვევით გამოქვეყნების გამო 12 მაუწყებელსა და 5 ონლაინ მედია საშუალებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა.

კვლევის მიხედვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს:

  • შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს მისი დაკვეთით გერმანულ-ამერიკული კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევის სანდოობის გადამოწმების მიზნით, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა და აღნიშნულ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაწყო.
  • მარეგულირებელმა კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების დარღვევით გაშუქებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები მაუწყებლებს შერჩევითად შეუდგინა. რეაგირება არ მოჰყოლია საზოგადოებრივი მაუწყებლის, GDS-ისა და ობიექტივის ეთერში აღნიშნული დარღვევის შემთხვევებს.
  • ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან 2 დარღვევის შემთხვევას მარეგულირებლის მხრიდან რეაგირება ერთ თვეზე მეტი დაგვიანებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ წინასწარი დასკვნები გამოქვეყნების შემდეგ მოჰყვა, რომელშიც კომისიის არათანამიმდევრულ მიდგომაზე რუსთავი 2-ისა და იმედის შემთხვევებზე დაყრდნობით იყო საუბარი.
  • შერჩევითი და არათანმიმდევრული მიდგომა გამოვლინდა სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც 1500-ლარიანი ფინანსური სანქციები მხოლოდ ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიების (რუსთავი 2-ის მიმართ 2-ჯერ, ტაბულა), ასევე 2 რეგიონული მაუწყებლების (თრიალეთი, არგო) შემთხვევაში გამოიყენა. სხვა ტელევიზიების შემთხვევაში მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან იდენტურ დარღვევას 3-ჯერ ჰქონდა ადგილი.
  • თბილისის საქალაქო სასამართლომ საარჩევნო კოდექსის 51.11 ვ) მუხლის დარღვევის ერთ-ერთ საქმეზე ტელეკომპანია რუსთავი 2 ადმინისტრაციულ ორგანოს გაუთანაბრა, ხოლო კვლევის მედია გაშუქება - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ინფორმაციის გამოქვეყნების წესს.

მედიის განვითარების ფონდისთვის ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმით შეირჩა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ 5 საინფორმაციო სააგენტო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას, რადგან მაუწყებლებისგან განსხვავებით მარეგულირებელი სააგენტოებისა და სხვა ონლაინ გამოცემების სრულფასოვან მედია მონიტორინგს არ ატარებს.