DW-ს ცნობით, ბერლინში, კლინიკა შარიტეს, სადაც რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკურნალობს, გერმანული პოლიცია 24 საათის განმავლობაში იცავს. ნავალნი გერმანულ კლინიკაში გუშინ, 22 აგვისტოს სპეცთვითმფრინავით რუსეთიდან გადაიყვანეს. კლინიკის მახლობლად პოლიციის რამდენიმე ავტობუსი და 10-მდე სამართალდამცავი მორიგეობს, რომლებიც პერიმეტრზე 2-5 კაციანი ჯგუფით გადაადგილდებიან.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი, ნავალნი გერმანიაში გადაყვანამდე რუსეთის ქალაქ ომსკში მდებარე საავადმყოფოში მკურნალობდა. ოჯახის წევრები და თანაგუნდელები მის დაუყოვნებლივ გერმანიაში გადაყვანას მოითხოვდნენ, თუმცა რუსი ექიმები თავიდან ამის უფლებას, ნავალნის სტაბილურად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით, არ აძლევდნენ. ადგილზე ჩასულმა გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნის ტრანსპორტირება დასაშვები იყო.

ალექსეი ნავალნი ცუდად, 20 აგვისტოს, თვითმფრინავში გახდა, რომლითაც ის რუსეთის ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. ავიალაინერმა საგანგებო დაშვება ომსკში განახორციელა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სასწრაფო დახმარების მანქანით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი ოპოზიციონერია. პოლიტიკური აქტიურობის გამო ის მოსკოვში არაერთხელ დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობაც მიუსაჯეს. პირველ ჯერზე საპატიმრო დაწესებულებაში მან ათი დღე გაატარა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დაავალა, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 11-თვიანი შინაპატიმრობისთვის თითქმის 23 ათასი ლარი გადაუხადოს.