არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ლ.ლ. თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად, 5 მცირეწლოვანს უვლიდა. უწყების განცხადებით, ლ.ლ. ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ძიძებმა - შ.დ.-მ და ი.ბ.-მ სამართალდამცველებს მიაწოდეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს განმარტებით, გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მცირეწლოვანი ბავშვის დედამ ფეისბუქზე 12 აგვისტოს გააგვრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სცემს და აიძულებს ძიძა ბავშვს, ჭამოს და გაჩუმდეს.

ქალი წერდა, რომ ერთ დღეს ნახევარი საათი ტიროდა მისი შვილი და გვერდით კორპუსში გაიგეს, როცა იკითხა ბავშვის ტირილის დროს ძიძა სად იყო, 3-ჯერ სხვადასხვა პასუხი მიიღო. ის დაეჭვდა და ფარული მეთვალყურეობა დაიწყო.

ვიდეოებში, რომლებიც მშობელმა გამოაქვეყნა, ჩანს, როგორც სცემს ძიძა ბავშვს, ურტყამს თავში, ეჩხუბება და აიძულებს, ჭამოს. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის სიტყვები "დაიძინე" და შემდეგ, ბავშვის ტირილის ხმა.