ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთხელ მიმართავს მმართველი გუნდის დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს და მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს სრულიად დაუსაბუთებელი კრიტიკისა და საყვედურებისაგან. ცერცვაძის განცხადებით, თუ ხუნდაძეს "ძალიან უნდა" თავისი კრიტიკა და საყვედურები უნდა მიმართოს "მათკენ, ვინც რეალურად არის პასუხისმგებელი შექმნილ სიტუაციაზე".

განცხადება წარწერით — სიმართლე ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში არსებული სიტუაციის შესახებ ცენტრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. ამ განცხადებაში ცერცვაძე ჯანდაცვის სამინისტროს სიცრუესა და "თავის მართლების მორიგ უსუსურ მცდელობაში" ადანაშაულებს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, კლინიკამ კორონავირუსითა და აივ შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეწყვიტა. ამის მიზეზად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონა დასახელდა.

ასევე ცერცვაძის განცხადებით, თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, თებერვალში სასამართლოში უჩივლა, რასაც ის კურიოზულს უწოდებს.

20 აგვისტოს ხუნდაძემ ცერცვაძის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიერ COVID-19-ით და აივ/შიდსით სტაციონარული პაციენტების მიღების დროებით შეჩერება სწორი გადაწყვეტილება არ იყო.