ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, პროკურატურის განცხადება იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძისადმი მუქარის წერილზე გიორგი გახარიას ანაბეჭდები არ იყო, წინასაარჩევნო სპექტაკლია. მისი თქმით, "გახარიას "გათეთრება" მოუნდათ", თუმცა ამას ვერ შეძლებენ.

გოცირიძე გამოეხმაურა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესაც და იმ მოსამართლის "შუბლის ანაბეჭდით" დაინტერესდა, რომელიც ამ საქმეს განიხილავდა.

"ახლა მაინტერესებს შუბლის ანაბეჭდი მოსამართლისა, რომელიც იხილავდა ვითომ მათი დანაშაულის საკითხს და ყოველდღიურად ატარებდა სასამართლოში, რატო არ დაატარებენ ახლა?" — განაცხადა ტელეკომპანია პირველთან გოცირიძემ.

პროკურატურაში ამბობენ, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. პროკურატურის ცნობით, წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. ექსპერტიზისთვის წერილის გადაცემამდე კი, მამუკა ხაზარაძემ წერილის დედანი საკვლევად ბრიტანულ კერძო კომპანიას გადაუგზავნა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები ერთმანეთს ემთხვევა.

გიორგი გახარიასგან სავარაუდოდ მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გასული წლის 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა.