ეხო კავკაზას ცნობით, პარტია ეროვნული ფრონტის თავმჯდომარემ და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას დამხმარემ, ლაშა საყანიამ პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. აფხაზურმა მედია გამოცემა Апсадгьыл-инфо-მ დე ფაქტო დეპუტატის წერილი მიიღო, სადაც ის ამბობს, რომ არც როგორც პარტია ეროვნული ფრონტის ლიდერისა და არც პრეზიდენტის თანაშემწის სტატუსით ალიანსის წევრებს არ შეხვედრია.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მოლაპარაკებები პატრიოტთა ალაიანსის წევრებთან არ მქონია''. მისივე თქმით, ის სოხუმში 25 აგვისტოს ჩავა, სადაც მედიის ყველა წარმომადგენელი იქნება მიწვეული და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

პატრიოტთა ალაიანსის ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა. მოგვიანებით, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ არუაამ განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერები ასლან ბჟანიას დამხმარე, ლაშა საყანიამ მიიღო.

პარტიაში 20 აგვისტოს On.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, გავრცელებულ ინფორმაციას კი "არც უარყოფენ და არც ადასტურებენ". 21 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად On.ge ირმა ინაშვილს პირად მობილურზე დაუკავშირდა, ყურმილი მისმა თანაშემწემ აიღო და გვითხრა, რომ საკითხზე კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.

აფხაზეთის რეგიონი 27 თებერვლიდან, მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც საქართველოში 26 თებერვალს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.