ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის პასუხად ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიერ პაციენტების მიღების დროებით შეჩერება აუცილებელი იყო, ვინაიდან არ იყო დაცული ელემენტარული პირობები.

20 აგვისტოს ხუნდაძემ ცერცვაძის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიერ COVID-19-ით და აივ/შიდსით სტაციონარული პაციენტების მიღების დროებით შეჩერება სწორი გადაწყვეტილება არ იყო.

"ბატონო დიმიტრი! ჩვენ იძულებული ვიყავით დროებით შეგვეჩერებინა ზემოთაღნიშნული პაციენტების მიღება, ვინაიდან ცნობილი მიზეზების გამო, ცენტრში არ იყო უზრუნველყოფილი ამ პაციენტების მიღებისა და მომსახურებისთვის ელემენტარული, მინიმალურად აუცილებელი პირობები. ამასთან, საქმე ეხება არა მხოლოდ ძალიან ცუდ ყოფით პირობებს (პალატები, ტუალეტები, დერეფნები და სხვ.), თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი სისტემებისა და სერვისების არარსებობას, როგორიცაა სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდების სისტემა, კორპუსების დამიწება, ადრე შეძენილი კომპიუტერული ტომოგრაფის დასადგამი ფართის მოწყობა და სხვ.

COVID-19-ით და/ან აივ/შიდსით ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი ჟანგბადის არმიწოდების გამო რომ დაღუპულიყო (რაც ძალიან რეალურია) ან ვენტილაციის და/ან გამწმენდი ნაგებობის არქონის გამო COVID-19-ის ან სხვა საშიში ინფექციების გავრცელება მომხდარიყო (რაც ასევე ძალიან რეალურია), ან კიდევ დამიწების არქონის გამო პაციენტისთვის დენს დაერტყა, ვინ იქნებოდა ამაზე პასუხისმგებელი? ალბათ ისევ ჩვენ დაგვიჭერდნენ" — აცხადებს ცერცვაძე.

განცხადებაში თენგიზ ცერცვაძე დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს და ეკითხება, როდესაც ამბობს, რომ პაციენტების მიღების შეჩერება არასწორი გადაწყვეტილება იყო, იქნებ ისიც დააკონკრეტოს, რომელი იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ — დაეყენებინათ პაციენტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით კლინიკამ კორონავირუსითა და აივ შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეწყვიტა. ამის მიზეზად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონა დასახელდა.

ასევე ცერცვაძის განცხადებით, თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, თებერვალში სასამართლოში უჩივლა, რასაც ის კურიოზულს უწოდებს.