საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. საქმე ეხება 2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძის მიერ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით მას, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

პროკურატურის ცნობით, წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. ექსპერტიზისთვის წერილის გადაცემამდე კი, მამუკა ხაზარაძემ წერილის დედანი საკვლევად ბრიტანულ კერძო კომპანიას გადაუგზავნა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები ერთმანეთს ემთხვევა.

''გვსურს საზოგადოებას დამატებით ვაცნობოთ, რომ წერილზე თითის კვლების დამტოვებელი პირის იდენტიფიცირების და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით'', — აცხადებენ პროკურატურაში.

ფოტო: პროკურატურა

გიორგი გახარიასგან სავარაუდოდ მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გასული წლის 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა.