სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილისთვის უკანონო პატიმრობის სამი თვით გაგრძელების ფაქტს. მათი განცხადებით, ეს წარმოადგენს უკანონო ქმედებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

"აღნიშნული ე.წ. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას", — აცხადებენ უწყებაში.

მათივე განცხადებით, კვლავ განაგრძობენ მუშაობას ხვიჩა მღებრიშვილის გასათავისუფლებლად და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო პროკურატურა მღებრიშვილს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ცხინვალის რეგიონიდან ღამურების გატანის მცდელობას ედავებოდა.