პოლიტიკური პარტია ლელო აცხადებს, რომ ქართული ოცნება ინფექციურ საავადმყოფოს საშუალებას არ აძლევს, სტაციონარულ პაციენტებს უმკურნალოს. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკამ სტაციონარული ავადმყოფების მიღება აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო შეწყვიტა.

ლელო ინფექციურში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ გაუგონარი უმადურობა და თვალთმაქცობა გამოამჟღავნა ინფექციური საავადმყოფოს პერსონალის მიმართ, როდესაც საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა იმ საკითხის მოუგვარებლობისთვის, რომელიც შედიოდა სახელმწიფოს კომპეტენციაში.

"ხელისუფლება ღიად უცხადებს ომს ინფექციურის თანამშრომლებს, იმ ადამიანებს რომლებმაც დაუღალავი შრომის ხარჯზე პანდემიის დროს საუკეთესო შედეგი გვაჩვენეს. ამ თვეების განმავლობაში მიღებული მილიონობით დახმარების, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან მიღებული ფინანსური რესურსის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ინფექციურისთვის. პირიქით, დაადანაშაულა საავადმყოფო და დავა სასამართლოს გადასცა", — აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს ჯადაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საუბარი არ სურთ და მდგომარეობის რეალურად შეფასება უჭირთ. მათ გადაწყვეტილებას კი სურგულაძე არასახელმწიფოებრივს უწოდებს.

ლელო მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, ხოლო ინფექციურმა საავადმყოფომ ფუნქციონირების სრულყოფილად აღდგენა შეძლოს.