კომუნიკაციების კომისიაში არაკეთილსინდისიერი უწოდეს კოალიციის მედიის ადვოკატირებისთვის კრიტიკას, სადაც ორგანიზაცია მარეგულირებელს წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონიტორინგისას ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლის შესრულებისკენ მოუწოდებს. განცხადება ეხება კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ პროექტს "საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში შესულ ცვლილებებს.

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ "უსაფუძვლო შენიშვნები" საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ცრუ ინფორმაციის მოხვედრას ემსახურება.

"აღნიშნული კომუნიკაციების კომისიის გუშინდელმა სხდომამ დაადასტურა, სადაც კოალიციის წარმომადგენელმა საკუთარი შენიშვნები ვერ დაასაბუთა", — აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

ისინი აცხადებენ, რომ "საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ" კომუნიკაციების კომისიის დადგენილებაში ცვლილებები
განპირობებულია მხოლოდ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით,
რითაც დადგენილების კოდექსთან შესამისობაში მოყვანა ხდება. მათივე განმარტებით, დადგენილებიდან ამოღებულია ის დებულებები, რომლებიც იდენტური იყო და საარჩევნო კოდექსში გაწერილ დებულებებთან დუბლირება ხდებოდა.

რაც შეეხება კოალიციის შენიშვნებს, მედიის განმარტებასთან დაკავშირებით,
კომუნიკაციების კომისიაში ამბობენ, რომ დებულებიდან მედიის განმარტება ამოღებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ ეს ტერმინი რაიმე რეგულაციასთან კავშირში არ არის გამოყენებული და ყველა რეგულაცია მხოლოდ კონკრეტულ სუბიექტებს შეეხება: მაუწყებლებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებს.

უწყებაში, ასევე, განმარტავენ, რომ უფასო და ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ვადები დადგენილებაში განისაზღვრა მხოლოდ „საარჩევნო კოდექსიდან“ გამომდინარე, იმ მიზნით, რომ მაუწყებლებისთვის უფრო ნათელი და განჭვრეტადი იყოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაცია. ისინი, ასევე, აცხადებენ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მკაფიოდ განმარტა ისიც, რომ დადგენილება ეხება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს და ის არ ვრცელდება არაწინასაარჩევნო პერიოდზე.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის კომუნიკაციების კომისიას, მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლის შესრულებისკენ გუშინ, 20 აგვისტოს მოუწოდა. კოალიციის მიხედვით, ცვლილებები, რომელსაც 2020 წელს გვთავაზობს კომუნიკაციების კომისია სტანდარტს კიდევ უფრო აუარესებს.

კოალიციიაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ცვლილება, ტერმინთა განმარტების ხარვეზია. განსხვავებით 2012 წლის რედაქციისაგან, სადაც მითითებული იყო, რომ მედია ამ დადგენილების მიზნებისათვის არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან/და ლიცენზირებული მაუწყებელი, გაზეთი, განახლებულ რედაქციაში ეს განმარტება ამოღებულია. არ არის დათქმა, თუ რომელ მედია სუბიექტებს მოიაზრებს კანონი მონიტორინგის ვალდებულებებში.

მეორე შეეხებოდა, დადგენილებაში ზოგადი ფორმულირებების შემოტანას, რაც "შეუსაბამოდ აფართოებს კომისიის დისკრეციას" . ასევე, მათვე თქმით, დადგენილებიდან ამოღებულია დაკონკრეტება სავალდებულო პროცედურების შესახებ და დადგენილება არალეგიტიმურად აფართოებს საქართველოს ორგანული კანონის — საქართველოს საარჩევნო კოდექსის ჩანაწერს პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვადებთან დაკავშირებით.