COVID-19-ის კრიზისის დროს გადაღების ახალი დირექტივის მიხედვით, ფილმებისა და სერიალების ბრიტანელ რეჟისორებს მოუწოდებენ, ინსპირაცია ისეთ კლასიკურ რომანტიკულ ფილმებში ეძიონ, როგორიცაა კასაბლანკა, და ინტიმური სცენების შექმნისას სექსი საერთოდ არ აჩვენონ.

მანამ, სანამ სოციალური დისტანცირება საჭიროა, Directors UK — ბრიტანეთის რეჟისორების პროფესიონალური ასოციაცია — პანდემიის დროს უსაფრთხო მუშაობაზე ფოკუსირებული სიშიშვლისა და სიმულაციური სექსის გადაღების თავის დირექტივაში ფიზიკური ინტერაქციის მქონე სექსის სცენების ასარიდებლად რეჟისორებს რამდენიმე კრეატიულ ალტერნატივას სთავაზობს.

დირექტივის შემოთავაზებების მიხედვით, პერსონაჟები შეიძლება "მოვლენის შემდეგ ვაჩვენოთ და გამოჩნდეს, როგორ ისწორებენ ისინი თავიანთ ტანსაცმელს" ან "თეთრეულის ქვეშ მოძრავი კიდურები" აისახოს, ასევე კიდევ ერთი ვარიანტია "საძინებლის კარის დაკეტვა და სცენის მაყურებლის წარმოსახვისთვის დატოვება".

ფოტო: Giphy

დირექტორებს ახალისებენ, შთაგონება ისეთი კლასიკური ფილმებიდან აიღონ, როგორებიცაა It Happened One Night ან Casablanca, რომლებიც ჰეიზის კოდექსის ქვეშ შეიქმნა — 1930-იანების იმ დირექტივის, რომელიც ჰოლივუდში ეკრანებზე სექსის ჩვენებას კრძალავდა.

ბილ ანდერსონმა, რომელმაც Doctor Who-ს რამდენიმე ეპიზოდი გადაიღო და რომელიც ივნისიდან მოყოლებული ამ დირექტივებზე მომუშავე გუნდის წევრი იყო, აღიარა, რომ ისეთი შოუები, როგორებიცაა I May Destroy You და Normal People, რომლებშიც სექსის ბევრი სცენაა, ამ ახალ დირექტივებს არ შეასრულებენ.

მან თქვა, რომ რეჟისორებსა და სცენარისტებს მოუწევთ, ინტიმურობის ჩვენების რაღაც ახალ გზებს მიაკვლიონ, და მათ მოუწოდა, დაფიქრდნენ, რამდენად აუცილებელია ესა თუ ის სექსის სცენა. "ასეთ ეპოქაში, რომელშიც უამრავი ადამიანი უყურებს ტელევიზორს, ვფიქრობ, აუდიტორია ინტიმურობასა და კავშირსაა მოწყურებული", — თქვა ანდერსონმა.

"ინტიმურობა ბიოლოგია არ არის, ეს არის ადამიანებს შორის ორმხრი

ჰამფრი ბოგარტი და ინგრიდ ბერგმანი კასაბლანკაში

ფოტო: Warner Bros.

ვი მოწყვლადობა, ღიაობა და ნდობის გაზიარება. სექსის ისეთ სცენას თუ გადაიღებ, სადაც ინტიმურობა არ ჩანს, საქმე ნამდვილად ჩაგიფლავებია — რაც გამოგივიდა, ეგ პორნოგრაფიის უვარგისი ბიძაშვილია", — დაამატა მან.

ისეთ ნამუშევრებში, რომლებშიც სექსის სცენები საჭიროა, დირექტივის ალტერნატიულ იდეებს შორისაა რეალური მოძრაობის იდენტიფიცირება (ე.წ. motion capture — კომპიუტერული ანიმირება სენსორებიდან მიღებული ინფორმაციის შედეგად) და ციფრული პერფორმანსები, როგორებიცაა მწვანე ეკრანი და ანიმაცია, რათა "აიგოს საჭირო სცენა", სხვა ვარიანტი კი მსახიობებად ნამდვილი წყვილების აყვანაა, რომლებსაც სოციალური დისტანცირება არ დასჭირდებათ.

რეჟისორმა ჯესიკა ჰობსმა, რომელიც Netflix-ის The Crown-ზე მუშაობდა, თქვა, რომ პანდემიის დროს უსაფრთხოდ სამუშაოდ რეჟისორებმა ახლებურად უნდა იფიქრონ.

"როგორც მინიმუმ, შემდეგი რამდენიმე თვის, შესაძლოა, ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ინტიმურობის წარმოჩენაში უფრო კრეატიულები უნდა ვიყოთ. არ ვამბობთ, რომ 'ყველაფერი უნდა გამოირიცხოს'. ვამბობთ, რომ, მოდი, ჩვენს მასალას შევხედოთ და შევეცადოთ, ის მიმდინარე კლიმატისთვის უფრო უსაფრთხო გავხადოთ", — თქვა ჰობსმა.

მაისში დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდმა ტელეკომპანიებმა, მათ შორის BBC-მ, ITV-მ, Channel 4-მა, Channel 5-მა, Sky-მ და ITN-მა ხელი მოაწერეს დირექტივებს, რომელთა მიხედვითაც სატელევიზიო სახეები თავად იკეთებენ მაკიაჟს, მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს კი მოუწოდებენ, გადასაღებ მოედანზე საკუთარი სამზარეულო ნივთები და ჭიქები მოიტანონ.

ეს იმ ინდუსტრიის კვლავ ამუშავების მცდელობის ნაწილი იყო, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში ყოველწლიურად £16 მილიარდზე მეტი შეაქვს. ინდუსტრია მარტში შეჩერების შემდეგ მუშაობის აღდგენას გეგმავს და რამდენიმე შოუს, მათ შორის Line of Duty-ს, გადაღება აგვისტოს ბოლოში დაიწყება, ზოგიერთმა პროექტმა კი — მათ შორის EastEnders-მა და Top Gear-მა — გადაღებების განახლები ივნისის მიწურულს მოახერხა.