ბეტმენის ლეგენდარული და, ალბათ, არც ისე ლეგენდარული მსახიობები ბნელი რაინდის მოსასხამს კიდევ ერთხელ მოირგებენ — მაიკლ კიტონი და ბენ აფლეკი The Flash-ში ოფიციალურად დაუბრუნდებიან ბეტმენის როლს.

ფილმში მთავარ როლს ეზრა მილერი შეასრულებს, რომელმაც Justice League-ში ფლეში უკვე განასახიერა. ფილმის რეჟისორი იქნება ენდი მუსკიეტი — It-ისა და It Chapter Two-ს თავკაცი.

ბენ აფლეკი და ეზრა მილერი Justice League-ში

ფოტო: Warner Bros.

როგორც ჩანს, ეს უბრალო კამეოები არ იქნება. აუდიტორიას DC-ს მულტისამყაროს იდეას გააცნობენ — კონცეფციას, რომელიც იმის საშუალებას იძლევა, რომ მრავალ სხვადასხვა დროსა და სივრცეში ბევრი ამბავი განვითარდეს ისე, რომ ისინი მაინც ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული.

მაიკლ კიტონს ბეტმენის კოსტიუმი ბოლოს 1992 წლის Batman Returns-ში ეცვა, ბენ აფლეკმა კი ბეტმენის როლი Batman v Superman: Dawn of Justice-ში, Suicide Squad-სა და Justice League-ში შეასრულა.

მაიკლ კიტონი ბეტმენის როლში

ფოტო: Warner Bros.

მართალია, სამართლიანობის ლიგას ფანების მხრიდან დიდად დადებითი გამოხმაურება არ მოჰყოლია, The Flash-ის რეჟისორი აცხადებს, რომ აფლეკის ბეტმენი შესანიშნავი იყო.

"მის ბეტმენს ძალიან ძლიერი დიქოტომია აქვს, რომელიც გამოიხატება მის მასკულინურობაში — მისი იერი, შთამბეჭდავი ფიგურა, მისი ყბის ფორმა — თუმცა ის ასევე ძალიან მოწყვლადია. მან ზუსტად იცის, როგორ წარმოაჩინოს ეს მოწყვლადობა. მას, უბრალოდ, ისეთი ამბავი სჭირდება, რომელიც ამ კონტრასტის, ამ ბალანსის წარმოჩენის შესაძლებლობას მისცემს", — თქვა ენდი მუსკიეტიმ Vanity Fair-თან ინტერვიუში.

The Flash-ის გამოსვლა 2022 წლისთვის იგეგმება.

ფოტო: Warner Bros.