თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით კლინიკამ კორონავირუსითა და აივ შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეწყვიტა. ამის შესახემ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა.

"დიახ, ვადასტურებთ, ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა კორონავირუსით პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს. ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა", — განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ასევე ამბობს, რომ არ ეთანხმება ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს და მზად არის, შეხვდეს მას.

"რაც შეეხება ქალბატონი მინისტრის ფორმულირებას და პასუხს კორესპონდენტის შეკითხვაზე, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამას, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მისი პასუხი არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ ქალბატონ მინისტრს და მასთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი.

რეალურად საქმე შემდეგშია – ინფექციური პათოლოგიის ცენტრს რომ მუშაობა უწევდა ექსტრემალურად მძიმე, კრიტიკულ პირობებში, ამას არც ის უარყოფს, ეს ყველამ იცის. ისიც მართალია, რომ შვიდი წლის ლოდინის შემდეგ, არსებობს მთავრობის გადაწყვეტილება, ჩვენ გადმოგვცენ ახალი შენობა, არსებობს მზაობა, ამ ახალ შენობაში, რომელიც არ არის დამთავრებული და სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, გაკეთდეს შესაბამისი სარემონტო სამუშაოები, ის მოვიდეს შესაბამისობაში ინფექციური პროფილის კლინიკასთან. მაგრამ, ამას დასჭირდება სულ მცირე ერთი წელი, შეიძლება, მეტიც. ამ ერთი წლის განმავლობაში, ბუნებრივია, აუცილებელია, ჩვენს ცენტრს მისი დღევანდელი განთავსების ადგილზე ჰქონდეს მინიმალური, სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები პაციენტების მომსახურებისთვის.

რომ არაფერი ვთქვათ უკიდურესად ცუდ, პაციენტისთვის მიუღებელ კონდიციებზე, რა მდგომარეობაშიც არის კლინიკის ინფრასტრუქტურა, პალატები, დერეფნები, ტუალეტები და სხვა, ესეც არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, გამართული იყოს მაგალითად, სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგაბდის მიწოდების სისტემა, კომპიუტერული ტომოგრაფიის, რომელიც უკვე წელიწადნახევარია, შეძენილი გვაქვს, დასაწყობებულია და ფუჭდება, განთავსებისთვის შესაბამისი ოთახის მომზადება. ეს ყველაფერი არის არა რაღაც ფუფუნება, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, გადაუდებელი სამუშაოები, რომელიც ცენტრს დღესვე სჭირდება.

ჩვენ ამის შესახებ უკვე ერთი წელია, არაერთგზის მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, განსაკუთრებით ინტენსიური იყო ჩვენი მიმართვები ბოლო თვეებში და განსაკუთრებით ინტენსიური ბოლო ერთი თვის მანძილზე, სადაც ვთხოვდით მას, დაგვხმარებოდა გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაში. მხედველობაში მაქვს საჭირო სახსრების გამოყოფა. ჩვენი მოთხოვნები, გადაუდებელი სამუშოებისთვის საჭირო სახსრების შესახებ იყო მინიმალური, ძალიან მცირე სახსრები იყო საჭირო, შედარებით მცირე, სადღაც 300 000 ლარის ფარგლებში. თვითონ სამინისტროს რეგულირების სამსახურმა ჩვენი მიმართვების საფუძველზე, ორჯერ შეამოწმა ჩვენთან არსებული სიტუაცია, ერთხელ იანვარ-თებერვალში, მეორედ 22 ივლისს და დაადასტურა ის ვითარება, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება აუცილებელია", — განაცხადა ცერცვაძემ.

ასევე ცერცვაძის განცხადებით, თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, თებერვალში სასამართლოში უჩივლა.

"კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით", — განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს "რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამა", რომლის ფარგლებშიც, მისი აზრით, უნდა შესრულებულიყო სარემონტო სამუშაოები ინფექციურ სავადმყოფოში. თუმცა მისი თქმით, ამაზე მინისტრი პასუხობდა, რომ ცენტრის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის და აღნიშნული პროგრამით ვერ გაკეთდება.

"ერთი წელია, სამინისტროს ამას ვთხოვთ და მას თავისუფლად შეეძლო, ბიუჯეტის ფორმირებისას საჭიროება გაეთვალისწინებინა. მინისტრმა გვიპასუხა, რომ ის იფიქრებდა სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე და შემოგვთავაზა გზა, გამოგვეყენებინა ჩვენი დივიდენდი, მაგრამ ამას ასე ვერ გამოვიყენებთ, ჩვენი ფული არ არის, ჩვენთან არ დევს. დივიდენდის გამოყენების უფლება რომ მიიღოს დაწესებულებამ, საჭიროა ფინანსთა სამინისტროს სპეციალური კომიტეტის და ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური გადაწყვეტილება. ქალბატონი მინისტრი შეგვპირდა, რომ გაგვიწევდა შუამდგომლობას ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან, რათა დაერთოთ ნება, გამოგვეყენებინა დივიდენდი", — აცხადებს ცერცვაძე.

როგორც ის ამბობს, ბოლო ორი თვის განმავლობაში თითქმის ყოველ დღე წერდნენ სამინისტროს და მათგან არ მიუღიათ არანაირი პასუხი რომ შედგა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან და დივიდენდის გამოყენების ნება დართეს.

"ეს უნდა მოხდეს წერილობით, ოფიციალური გადაწყვეტილებით. დივიდენდის გამოყენების უფლება რომ მიგვეღო, რემონტს გავაკეთებდით. ჩვენ არ ვიცით, ჯანდაცვის სამინისტრომ არ მიმართა, მიმართა, თუ მათ უპასუხეს უარით", — ამბობს ის.

ცერცვაძის თქმითვე, ინფექციურ საავადმყოფოს არა პროგრამის დატოვება, არამედ მინიმალური პირობების შექმნა სურს.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ, იძულებული რომ ვართ, შევწყვიტოთ მომსახურება, ამაში ერთი პროცენტი არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მთლიანად, 100 პროცენტით ჯანდაცვის სამინისტროს, შესაძლოა, სხვა სტრუქტურების, შპს "ავერსის" და სხვების პასუხისგებლობაა. ამას მე ძალიან იოლად დავამტკიცებ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში", — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს უკვე ათი წელია საკუთარი შენობა-ნაგებობები არ აქვს, რადგან ის სახელმწიფომ მიყიდა შპს "ავერსი ფარმას", რის შედეგადაც, ყოველდღიურად არიან "მდგმურების სტატუსით, ძალიან შევიწროებული".

"ყოველწლიურად ფორმდება "ავერსთან" საიჯარო ხელშეკრულება, სამინისტრო უხდის საიჯარო ხელშეკრულების თანხას და გვეძლევა უფლება, ვიმუშაოთ. წელს ხელშეკრულება ისევ სამინისტროს პასუხისგებლობის გამო, არ გაფორმდა იანვარში და გაფორმდა დიდი დაგვიანებით, ახლახან, ივლისში, ისიც ჩვენი დაჟინებული მოთხოვნის შედეგად. ჩვენთვის ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა იმას, რომ არ გვქონდა მთელი 7 თვე საიჯარო ხელშეკრულება. კერძოდ, ავერსი ფარმა აცხადებდა, რადგან საიჯარო ხელშეკრულება არ გვქონდა, ჩვენი იქ ყოფნა იყო არალეგიტიმური, ყველანაირად გვავიწროებდა.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა როგორმე გადავრჩენილიყავით, ვიდრე ახალ შენობას მოგვცემდნენ და სახელმწიფოსთვის არ გვეგრძნობინებია ის გაჭირვება, რაშიც ვიმყოფებით. ასეთ პირობებში მუშაობის მიუხედავად, ჩვენ ყველა მიმართულებით ვდებთ შედეგებს, რომელიც საუკეთესოა ჩვენს ქვეყანაში და ხშირად ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში", — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცეცრცვაძესთან დაკავშირება On.ge-მაც სცადა, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. თუმცა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში თენგიზ ცერცვაძის ამ განცხადებებს ადასტურებენ.

ჯანდაცვის მინისტრს ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ ჰკითხეს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ პირობებში მუშაობს ინფექციური საავადმყოფო უკვე წლებია და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტლება 40 მლნ-ის ღირებულების ახალი შენობის შეძენის შესახებ.

კოვიდ და აივ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით ტიკარაძემ განაცხადა, რომ ისინი უსაფრთხოთ იქნებიან.

"რაც შეეხება აივ ინფექციის შემთხვევას, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კლინიკა, რომელიც ტოვებს ამ პროგრამას, ვალდებულია, სოციალურ სააგენტოს მიმართოს წერილობით 2 თვით ადრე, რომ ტოვებს პროგრამას, რაც ბატონ თენგიზს არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, მე დაველოდები დამატებით ინფორმაციებს", — განაცხადა მინისტრმა.