იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თავისუფალ დემოკრატებში დაბრუნებას არასდროს აპირებს, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პარტიაში ნაციონალური მოძრაობის წევრები, ან მასთან აფილირებული პირები არ იყვნენ.

"მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დემოკრატები ჩემი ყოფილი პარტიაა და იქ დაბრუნებას არასდროს დავაპირებ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქოლგის ქვეშ არ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ან მათთან აფილირებული პირები", — განაცხადა წულუკიანმა.

შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და ალექსანდრე ბარამიძემ პარტია თავისუფალი დემოკრატები დატოვეს. შავგულიძის განცხადებით, ამის მიზეზი პარტიის გამგეობაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარებაა.

თავისუფალ დემოკრატებში კი აცხადებენ, რომ ბრძოლას აგრძელებენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ. თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ შალვა შავგულიძის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა.