სეზონური გრიპის აცრის გაკეთება წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გვაფრთხილებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები.

როგორც აღმოჩნდა, სამხრეთ ნახევარსფეროში (ავსტრალია, ახალი ზელანდია, არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკა და ზიმბაბვე) გავრცელებული გრიპის ვირუსი წელს საკმაოდ სუსტი გამოდგა. მიუხედავად ამისა, წინასწარ იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება გრიპის სეზონი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა და აზიის უმეტესი ნაწილი), საკმაოდ საფრთხილოა.

მარია ვან კერხოვმა, WHO-ს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, ახსნა, რომ გრიპის გლობალური მონიტორინგისა და რეაგირების სისტემებს ქვეყნები როგორც გრიპის, ასევე COVID-19-ის საკონტროლოდაც იყენებენ. აღნიშნული სისტემები გრიპის მსგავსი რესპირატორული დაავადებების მქონე ადამიანებისაგან ფიზიოლოგიურ ნიმუშებს აგროვებენ და შემდგომ მათ აანალიზებენ, რათა ზუსტად განსაზღვრონ, თუ გრიპის რა კონკრეტული შტამებია აქტიურ ცირკულაციაში.

ბევრი ქვეყანა გრიპის ტესტირებას ამ დრომდე განაგრძობს და შესაბამისი პასუხები აღნიშნულ სისტემაში შეჰყავს. როგორც ირკვევა, ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაახლოებით 300 ათასი საცდელი ნიმუში შეგროვდა, საიდანაც გრიპის ვირუსი მხოლოდ 37 შემთხვევაში დადასტურდა. სწორედ ეს მონაცემი აძლევს WHO-ს იმის თქმის საშუალებას, რომ გრიპის ვირუსის ცირკულაცია სამხრეთ ნახევარსფეროში საკმაოდ დაბალია.

ვან კერხოვის აზრით, ასეთი დაბალი მაჩვენებლის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. სამხრეთ ნახევარსფეროში COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები დღემდე აქტიურად ტარდება, რაც გრიპის ვირუსის გავრცელებასაც ავტომატურად უშლის ხელს.

"ჩემი აზრით, დასკვნები იმის შესახებ, თუ რა მოხდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, გარკვეული მიზეზების გამო სიფრთხილით უნდა გამოვიტანოთ", — აღნიშნავს მარია ვან კერხოვი

ვან კერხოვის აზრით, გრიპისა და COVID-19-ის ტესტირების გაგრძელება უმთავრესი პრიორიტეტია. ამას გარდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ როცა გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის სეზონური გრიპისგან დაუყოვნებლივ განსხვავება საკმაოდ რთული იქნება და ამას შესაბამისი ტესტირება დასჭირდება. აღნიშნულმა შეიძლება კლინიკური სურათი გაართულოს, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ გრიპის მკურნალობის მექანიზმები უკვე არსებობს.

ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, ადამიანებმა აუცილებლად აიცრან

მარია ვან კერხოვი, WHO-ს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ხელმძღვანელი

მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად სეზონური გრიპის 1 მილიარდი შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 3-დან 5 მილიონამდე შემთხვევა მწვავე კლინიკური ფორმით მიმდინარეობს, რასაც საბოლოოდ 650 ათასი ადამიანის სიკვდილი მოსდევს.

სეზონური გრიპი აშშ-ს მცხოვრებთა სიკვდილიანობის მიზეზთა ათეულში შედის. 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის 4 აპრილამდე აშშ-ში გრიპის 56 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 740 ათასი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, ხოლო სიკვდილიანობამ 62 ათასი შეადგინა.

გრიპის ვაქცინა წელს "მრავალ სიცოცხლეს გადაარჩენს", — აღნიშნა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის სამსახურის (CDC) დირექტორმა, რობერტ რედფილდმა.

WHO-ს უფროსი მრჩეველის, ბრუს ეილვორდის განცხადებით, COVID-19-მა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს მაშინ დაარტყა, როცა მათი უმრავლესობა გრიპის სეზონს ასრულებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ COVID-19-ით დაავადებული კრიტიკული პაციენტების სამკურნალო რესურსი ამ ქვეყნებს სწორედ გრიპის სეზონისთვის ჰქონდათ გამზადებული.

"ეს კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წელს გრიპის ვაქცინააციის წინა წლებთან შედარებით უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა. ჩვენ ეს აუცილებლად გვჭირდება, რათა პანდემიის მართვა შევძლოთ, — აღნიშნავს WHO-ს უფროსი მრჩეველი, ბრუს ეილვორდი.

აღნიშნული რეკომენდაცია ბავშვებზეც ვრცელდება. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით, 6 თვის ასაკიდან სეზონურ გრიპზე აცრა რეკომენდირებულია.