საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარებების გაცემა პირველი სექტემბრიდან დაიწყება, განაცხადების მიღება კი პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. როგორც მთავრობის სხდომაზე გახარიამ აღნიშნა, პროგრამაში უკვე დარეგისტრირდა 600 868 ბავშვი, რაც საქართველოს 366 000 ოჯახს წარმოადგენს.

მისი თქმით, მოქალაქეებს ამ განცხადების შევსებაში ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო თუ სტრუქტურა უსასყიდლოდ დაეხმარება.

"თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა ვუთხრა ხაზგასმით, განსაკუთრებით მათ ვისაც ჯერ კიდევ ენის პრობლემა და ბარიერი გააჩნიათ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სტრუქტურა, სოციალური მომსახურების სააგენტოები, ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაწესებულება, ყველანაირი ფინანსების გარეშე მათ მიეხმარებათ, რომ ეს განცხადებები შეავსონ", — აღნიშნა პრემიერმა.

15 აგვისტოდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო. თავდაპირველად ითქვა, რომ ამ თანხას მხოლოდ 17 წლამდე ასაკის ადამიანები მიიღებდნენ, თუმცა გვერდზე, რომელზეც რეგისტრაციის გავლაა საჭირო, მითითებულია, რომ ერთჯერადი დახმარება 18 წლამდეა გათვალისწინებული.

ასევე წაიკითხეთ: