თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეპტუალური ხედვის შემუშავება თბილისის მერიას 207 680 დოლარი დაუჯდა, რაც ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის 444 435 ლარი იყო. კონცეფციური ხედვა საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს დღეს, 15 დეკემბერს წარუდგინეს.

მომსახურების გამარტივებული სახით შესაძენად, საქართველოს მთავრობამ განკარგულება 2016 წლის 27 მაისს გამოსცა. ხელშეკრულება PricewaterhouseCoopers (PwC)-თან გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმა ფუნქციური და შენობების განთავსების ზონებს, შენობების სიმჭიდროვის, სიმაღლისა და სამგანზომილებიან მონახაზებს მოიცავს.

„ჩვენი აზრით, ამ პროექტს აქვს თბილისის ზღვის ტერიტორიის ახლებურად გამოყენების პოტენციალი, ასევე, მომდევნო წლების განმავლობაში - საქართველოს სახელმწიფოს მომავლის ხედვის შემადგენელ ნაწილად და მნიშვნელოვან წამოწყებად ჩამოყალიბების პერსპექტივა", - როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ასე შეაფასა გეგმა PwC-ის პარტნიორმა მაიკ უაილდერმა.

ამავე განცხადების მიხედვით, დოკუმენტი შესაბამისობაშია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან, რაც თბილისის ზღვის ტერიტორიის სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს.