ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი ბენ ჰოჯესი სოციალურ ქსელ twitter-ზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც კომუნიკაციების კომისიას (GNCC) მოუწოდებს, რომ მოძებნოს საუკეთესო გზები საქართველოსთვის, რათა შემცირდეს ენერგოდამოკიდებულება.

"იმედგამაცრუებელია, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ციფრულ გზაზე იმავე შეცდომას უშვებს, რაც ანაკლიის პორტის შემთხვევაში დაუშვა. მოვუწოდებ კომუნიკაციების კომისიას პრიორიტეტი მიანიჭოს იმას, თუ რა იქნება საქართველოსთვის საუკეთესო და პატივი სცეს ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისაგან", — ვკითხულობთ მის პოსტში.

მან უკრაინაში აშშ-ს ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის ინტერვიუ გააზიარა, სადაც ის ამბობს, რომ საკომუნიკაციო სექტორის ახალ რეგულაციებს შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და ბიზნეს გარემოზე.

ვოლკერის თქმით, ახალი კანონი შეიძლება გახდეს დაბრკოლება ახალი ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში "კავკასუს ონლაინის" აქციონერისთვის.

ყოფილი დიპლომატი ამბობს იმასაც, რომ ეს პროექტი უნდა იყოს საქართველოს ინტერესებშიც, რადგან გაზრდის ქვეყნის ციფრული დამოუკიდებლობას რუსეთისგან.

17 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ სადაო კანონპროექტი დაამტკიცა. პროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილეს.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.

აღნიშნულ ცვლილებას ოპოზიციაში საშიშს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ბიზნესს დააზარალებს და ინვესტიციებს შეამცირებს. ცვლილებებს არ იზიარებენ სფეროს წარმომადგენლები.

კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური კი ამბობს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და მომხმარებლების უფლებები, ამისთვის კი აღსრულების ეფექტური მექანიზმია საჭირო