თქვენს Netflix-ს პროფილების არჩევის გვერდზე შემთხვევით "Shuffle Play" ღილაკი ხომ არ დაემატა?

ეს იმიტომ, რომ ნეტფლიქსი თავისი ფილმებისა და სერიალების კოლექციის სტრიმინგ პლატფორმაზე "შემთხვევით შერჩევის" ღილაკის შემოღებას გეგმავს, რაც მეგობარსა თუ საკუთარ თავთან იმ თემაზე კამათს აგარიდებთ, თუ რას უნდა უყუროთ ამ საღამოს. კომპანიის თქმით, ტესტირება ივლისიდან მიმდინარეობს.

ნეტფლიქსი ამ ახალი მახასიათებლის რამდენიმე პოტენციურ ვიზუალს ტესტავს. მათ შორის ერთ-ერთია "Play Something", რომელსაც ქვედა ფოტოზე ხედავთ. თუმცა, ისე ჩანს, რომ ეს მხოლოდ ექსპერიმენტი არაა და კომპანიას რაღაც ახლის დანერგვის იმედი აქვს. Netflix-ის თქმით, ჯერჯერობით ეს ახალი ღილაკი მხოლოდ ტელევიზორებზეა ხელმისაწვდომი.

ფოტო: The Verge

ერთ-ერთ მომხმარებელს "Play Something" ღილაკმა ნეტფლიქსის Umbrella Academy-ის ეპიზოდი ჩაურთო, რასაც თან ახლდა განმარტება: "იმიტომ, რომ თქვენ Spider-Man-ს უყურეთ". ეს გასაგებიცაა — ორივე შოუ კომიქსების სუპერგმირებზეა და საკმაოდ პოპულარულია.

შარშან ნეტფლიქსმა უკვე დატესტა მახასიათებელი, რომელიც კონკრეტული სატელევიზიო სერიალის შემთხვევით ეპიზოდს რთავდა, თუმცა ეს ღილაკი უფრო გამოსადეგი ჩანს.

"ჩვენ ამ ტესტირებას სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დროს ვატარებთ, ახალი ფუნქცია კი საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი ის ხალხს გამოადგება", — ამბობს ნეტფლიქსი.