15 აგვისტოს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტომასალა, რომელზეც თბილისში, გიორგი ჭყონდიდელის 56 ნომერში მდებარე ცნობილი საბჭოთა მოზაიკა უკვე დაზიანებული სახით იყო ასახული: მოზაიკის ერთ ნაწილში მოაჯირი და რკინის კარია გაჭრილი.

მოგვიანებით ქართული მოზაიკის განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდ "რიბირაბოს" თანადამფუძნებელი ნატალია ამირეჯიბი შემთხვევის ადგილას მივიდა და ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით დაადასტურა, რომ ისტორიული მოზაიკა სავალალო მდგომარეობაშია.

"ის [მოზაიკა] შეეწირა საყარაულო ჯიხურს, რომელიც მდებარეობს ხორცკომბინატ "მითანას" კუთვნილ ტერიტორიაზე მანქანების შესვლისა და გასვლის გასაკონტროლებლად. სამწუხარო ის არის, რომ ხორცკომბინატის კედელში გაჭრილ კარს არავითარი ფუნქციონალური დანიშნულება არა აქვს: მონდომების შემთხვევაში მისი განლაგება შეიძლებოდა ისე, რომ კულტურული შედევრი არ დაზიანებულიყო. (ეს ფუჭსიტყვიანი განცხადება კი არ არის, არამედ კვალიფიცირებული არქიტექტორის აზრი, რომელთანაც ჩვენ გავიარეთ კონსულტაცია)", — ვკითხულობთ ნატალია ამირეჯიბის პოსტში.

ფოტო: Myriam Grigalashvili / Facebook

როგორც გაირკვა, ეს საბჭოთა მოზაიკა სააქციო საზოგადოება "ანა ჯგუფის" კუთვნილ შენობაზე იყო განთავსებული. კომპანიის იურისტმა გიორგი უსუფაშვილმა On.ge-სთან საუბარში მოზაიკის დაზიანების მიზეზებზე ისაუბრა:

"აღნიშნული სამუშაოები ჩატარდა იმიტომ, რომ კედელი, რომელზეც მოზაიკა იყო გაკეთებული, არის მესერი ტერიტორიის, რომელზეც იყო მოთავსებული სახურავის ბოძები, რაც დროთა განმავლობაში დაზიანდა, ბზარები ჰქონდა უკვე და არსებობდა ჩამონგრევის საშიშროება. შესაბამისად, მხოლოდ მოხდა ამის გამაგრება და არ ყოფილა [მოზაიკის დაზიანება] თვითმიზანი. ჯერ ერთი, საბჭოთა გინდაც სიმბოლიკა იყოს და გინდაც სხვა რამე, ცოტა სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ შენობა იყო დაზიანებული, რის გამოც კომპანია იძულებული იყო ჩაეტარებინა გამაგრებითი სამუშაოები, რაშიც მოზაიკაც მოხვდა".

ფოტო: ფონდი “რიბირაბო”

სააქციო საზოგადოება "ანა ჯგუფის" იურისტისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ნატალია ამირეჯიბს, რომელიც მიიჩნევს, რომ თუნდაც აღნიშნული რეაბილიტაციის აუცილებლობა არსებულიყო, მხოლოდ სურვილიც საკმარისი იქნებოდა, რომ მოზაიკის დაზიანების გარეშე განეხორციელებინათ ეს.

"ჩვენი ფონდი ცდილობს, მთელ საქართველოში მიმოფანტული და დღემდე შემორჩენილი საბჭოთა მოზაიკები დაიცვას. სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობა ხელს არ გვიწყობს და ეს კულტურული ძეგლები, რომელსაც მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანაში კარგად იცნობენ ინდუსტრიული მოზაიკის სახელით და სათანადოდ აფასებენ კიდეც, ხშირად დაუნდობელი ვანდალიზმის მსხვერპლია", — აცხადებს ამირეჯიბი.

ჭყონდიდელის 56 ნომერში მდებარე მოზაიკა დაზიანებამდე

ფოტო: www.soviet-mosaics.ge

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია მოკვლევა: უწყება შეისწავლის, ჰქონდა თუ არა კომპანიას მსგავსი სამუშაოების ჩატარების ოფიციალური ნებართვა.

"ამ ეტაპისთვის კერძო მესაკუთრე გაფრთხილებულია და სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული. მიმდინარეობს არქივიდან მასალების გამოთხოვა და შესაბამისად მოხდება საინვენტარიზაციო გეგმებისა და გაცემული ნებართვების შესაბამისობის შესწავლა", — აცხადებენ მუნიციპალური ინსპექციის დეპარტამენტში.

ამ საკითხთან დაკავშირებით გავესაუბრეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელს ბექა ბარამიძეს, რომელსაც აღნიშნული მოზაიკის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა ზოგადად საბჭოთა მოზაიკის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"ხელოვნების ამ მიმართულებას ჩვენ ვაღიარებთ კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად და მივიჩნევთ, რომ მას უნდა გავუფრთხილდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ნიმუშების წარმომავლობა საბჭოურია, ეს სულაც არ განაპირობებს იმას, რომ მათი ფასეულობა ან მათი ავტორების შემოქმედება ეჭვის ქვეშ უნდა დადგეს, რაც ნამდვილად საჭიროებს დაცვას."

საბჭოთა მოზაიკა ქუთაისში ლიტოფონის ქარხანაზე.

ფოტო: Soviet-Mosaics.ge

მიუხედავად სურვილისა, ბექა ბარამიძე ადასტურებს, რომ საქართველოში შემორჩენილი საბჭოთა მოზაიკებიდან მხოლოდ ნაწილს აქვს მინიჭებული ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლის სტატუსი და მხოლოდ მათ იცავს სახელმწიფო, დარჩენილი ნაწილი კი დღემდე განსაკუთრებული მეთვალყურეობის გარეშეა დარჩენილი.

"სამწუხაროდ, ამ ტიპის მოზაიკები, რომლებიც საკმაოდ ბევრია, ჯერჯერობით საჭიროებს დამოუკიდებლად შესწავლას და მათთვის სტატუსის განსაზღვრავს, რის გამოც ზოგიერთ მათგანზე, რომელთაც სტატუსი არ აქვთ, იურიდიულად სამართლებრივი მექანიზმები არ ვრცელდება. ეჭვგარეშეა, რომ მსგავსი კულტურული ნიმუშების დასაცავად უკეთესი სამართლებრივი მექანიზმი მოსაძებნია", — ამბობს ბარამიძე.

საბჭოთა მოზაიკა ჩოხატაურის ყოფილ სკოლაზე.

ფოტო: soviet-mosaic.ge

ფონდ "რიბირაბოს" თანადამფუძნებელი ნატალია ამირეჯიბი აღნიშნავს, რომ მისი ორგანიზაცია ცდილობს, თითოეული მოზაიკის შემთხვევაში დამოუკიდებლად მოითხოვონ სპეციალისტების მიერ შესწავლა და სტატუსის მინიჭება, რათა ისინი განადგურებისგან დაიცვან.

ამის მიუხედავად, საქართველოში დღემდე შემორჩენილი რამდენიმე ასეული მოზაიკის არც ისე მცირე ნაწილი ბედის ანაბარაა დატოვებული: საბჭოთა მოზაიკის ნიმუშები დაუნდობელ დროსთან და შეუსაბამო გარემო-პირობებთან ერთად იმ პირების პირისპირაა დარჩენილი, რომელთაც მსგავსი ისტორიული კონტექსტის მქონე კულტურული ძეგლების შენარჩუნება ნაკლებად ადარდებთ.