ატლანტის ოკეანის 200 მეტრის სიღრმის ანალიზმა აჩვენა, რომ ოკეანის მოცულობის 5% 12-დან 21 მილიონამდე ტონა მიკროპლასტმასას შეიცავს. შესაბამისად, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მთლიან ოკეანეში დაახლოებით 200 მილიონ ტონა პლასტმასაა თავმოყრილი.

კვლევის თანაავტორი და ბრიტანეთის ეროვნული ოკეანოგრაფიის ცენტრის მკვლევარი ამბობს, რომ ატლანტის ოკეანეში მიკროპლასტმასის საგანგაშოდ დიდი რაოდენობაა.

მკვლევრების თქმით, მიკროპლასტმასა ოკეანეში მცხოვრები ცხოველებისთვის და ადამიანებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ეს საფრთხეები კი სათანადოდ დაფასებული არ არის. ამასთანავე, მიკროპლასტმასის ასეთი რაოდენობის გავლენა გარემოზე ბოლომდე ცნობილი არც არის. შესაძლოა, დამანგრეველი შედეგები დაგვიანებულად ვიხილოთ.

მას შემდეგ, რაც ოკეანეში აღმოჩნდება, პლასტმასა ნელ-ნელა იშლება და მიკროსკოპულ ზომებს აღწევს, რაც მისი ნაწილაკების წყლის ცხოველების ორგანიზმში აღმოჩენას უწყობს ხელს. შემდეგ კი პლასტმასა მთელი ოკეანის ეკოსისტემაში ცირკულირებს.

ამ დროისთვის პლასტმასის ოკეანეში გადინების ზუსტ წყაროებზე, ისევე როგორც პლასტმასის წყალში ქცევაზე, მწირი წარმოდგენა გვაქვს. პრობლემის ადეკვატური შეფასებისთვის მეტი ინფორმაციაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული კვლევა მხოლოდ ატლანტის ოკეანეს ეხება, ის სხვა ოკეანეების სავარაუდო მდგომარეობაზეც ბევრს გვეუბნება.