ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოპოზიცია ე.წ. შავ ასეულად მოიხსენია, რომელიც ძალაუფლებაზე კონტროლის ასაღებად შეიქმნა. ამ ფორმით გამოეხმაურა ის ოპოზიციის ალტერნატიული საკოორდინაციო საბჭოს შექმნას.

"ე.წ შავი ასეული შეიქმნა იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე კონტროლი აიღოს, ე.წ ოპოზიცია. გასაკვირია, რომ ისინი უკვე რიგში არიან მაღალი თანამდებობების დასანაწილებლად.

ძვირფასო შავო ასეულო! ქვეყანაში არ არის იმდენი თანამდებობა, რამდენიც რიგში ხართ, თუმცა შეგვიძლია ცოცხებითა და ბარებით მოგამარაგოთ", — აცხადებს ლუკაშენკო.

ალექსანდრ ლუკაშენკო, ასევე, აღნიშნავს, რომ ალტერნატიული სამთავრობო ორგანოების, პარალელური ორგანოებისა და სხვა სახის "ასეულების" დაარსება ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით დასჯადი ქმედებაა.

"დიქტატორო წადი" — რა ხდება ბელარუსში

ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს, რისი მიზეზიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%.

შედეგებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს და ლუკაშენკოს გაყალბებაში ადანაშაულებს. არჩევნების შედეგები არ აღიარა აშშ-მ, ირლანდიამ, კანადამ და ევროკავშირმა. ამავდროულად, ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები დაუწესა.

პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის გამო გადადგა ბელარუსის მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება კი "დიქტატორის" გადადგომას ითხოვს, თუმცა ლუკაშენკო მოქალაქეებს სპეცრაზმითა და ჯარის ძალით პასუხობს.

აქციებზე ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშავდა ათასობით ადამიანი, დააკავეს შვიდი ათასზე მეტი. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციებზე გარდაიცვალა 2 ადამიანი, თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ერთის გარდაცვალებას ადასტურებს. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ კლავენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს.

ქვეყნის დატოვება მოუწია საპრეზიდენტო კანდიდატს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას. თავდაპირველად გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც მან მომიტინგეებს დანებებისკენ მოუწოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ვიდეო დადგმულია და იძულებითაა ჩაწერილი. მეორე ვიდეომიმართვაში კი ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ მზად არის გახდეს ეროვნული ლიდერი და ბრძოლა გააგრძელოს.

ევროპული სახელმწიფოების საპირწონედ არჩევნების შედეგები აღიარა რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა. მეტიც, კრემლმა ბელარუსს კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალების მეშვეობით დახმარება შესთვაზა აქციების დასაშლელად.