ფანებმა კამპანია დაიწყეს მონადირეებისგან მსოფლიოს სავარაუდოდ ყველაზე ცნობილი ტახის, ელზას, გადასარჩენად. ელზა იმ გარეულ დედალ ღორს შეარქვეს, რომელსაც ბერლინში გერმანელი ნუდისტი დასდევდა მას შემდეგ, რაც მას ლეპტოპიანი ჩანთა აწაპნა.

ცნობილ საცურაო ადგილას გადაღებული ამ დევნის ფოტოები მალევე ძალიან პოპულარული გახდა. ტახმა თავის ორ გოჭთან ერთად გაქცევა მოახერხა.

ფოტო: Adele Landauer/Facebook

თუმცა ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ ის და სხვა ტახები, შესაძლოა, დახოცონ მათი რაოდენობის შემცირების მიზნით.

მეტყევეობის ადგილობრივი მენეჯერის, კატია კამერის, თქმით, ტოიფელზეეს — ბერლინის გრიუნევალდის ხშირფოთლოვან უბანში არსებული ტბის — ტახებმა ადამიანებთან "თავიანთი ჩვეული მორიდებულობა დაკარგეს".

ბერლინის ტელემაუწყებელ rbb24-თან საუბარში მან თქვა, რომ ეს დედალი ტახი უნდა "მოშორდეს", რადგან იმ ადგილებში უკვე ძალიან ბევრი გარეული ღორია, რომლებიც, შესაძლოა, აგრესიულები გახდნენ და ადამიანებში დაავადებებიც გაავრცელონ, მათ შორის ღორის გრიპი. აქვე მან დაამატა, რომ "მოშორება" არ გულისხმობდა სხვა ადგილას გადაყვანას, რადგან საამისოდ ტერიტორიის შემოღობვა გახდებოდა საჭირო.

ბერლინში ყოველწლიურად 2 000-მდე გარეული ღორს კლავენ, ნადირობის სეზონი კი შემოდგომაზე იხსნება.

ფოტო: BBC

მიუხედავად ამისა, გრიუნევალდის მეტყევეობის წარმომადგენელმა მარკ ფრანუშმა ახსნა, რომ ამ წმენდაში დედალი ღორი და მისი გოჭები არ მოხვდებიან — ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ გოჭები საკმარისად დიდები არ იქნებიან საკუთარი თავის გამოსაკვებად.

"ესენი გარეული ცხოველები არიან, რომლებიც ჩვენს პატივისცემას იმსახურებენ, და მათი გამოკვება არ შეიძლება", — თქვა მან.

rbb24-ის ცნობით, ხალხი გრიუნევალდის გარეულ ღორებს ვაშლებითა და სენდვიჩებით უმასპინძლდებოდა.

კვირას, 16 აგვისტოს, კამპანიის რამდენიმე წევრმა გრიუნევალდში ელზასა და მისი თანამოძმე გარეული ღორების გადასარჩენად დემონსტრაცია გამართა.

ვებსაიტ change.org-ზე განთავსებულმა ონლაინ პეტიციამ უკვე 11 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა. პეტიციას ჰქვია "გადაარჩინეთ ტოიფელზეეს კადნიერი, მაგრამ მშვიდობიანი დედალი გარეული ღორი!"

ნუდისტისა და ტახის კატათაგვობანას ახლა უკვე ცნობილი ფოტოები ადელ ლანდაუერმა გადაიღო. მისი თქმით, მთელი ამ პროცესიის განმავლობაში ნუდისტს ძალიან ეცინებოდა.

პეტიციის ორგანიზატორი ჟანინ პასტელერსი ამტკიცებს, რომ ელზა თავის საცხოვრებელ ადგილს წლების განმავლობაში მშვიდობიანად ინაწილებდა ადამიანებთან ერთად. ის ამბობს, რომ დედალი გარეული ღორი აგრესიული არ არის და ეს ნუდისტთან ინციდენტის დროსაც გამოჩნდა.

"მას იმის ძალა შესწევდა, რომ კაცი სერიოზულად დაეზიანებინა და, ტახის გადმოსახედიდან, ამის სრული უფლებაც ჰქონდა! მაგრამ ასე არ მოქცეულა!", — აცხადებს პეტიციის ავტორი.

გერმანიაში ცოტა ხნის წინ გარეულ ღორთან დაკავშირებული კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა: ბალტიის ზღვის სანაპიროზე დაკარგულმა ტახმა ამოცურა. შემთხვევა სამოყვარულო ვიდეოზეა ჩაწერილი, რომელშიც ჩანს, როგორ აოცებს მზეს მიფიცხულ ხალხს შონჰაგენის სანაპიროზე გარეული ღორის გამოჩენა.

თავიდან ტახი ნაპირთან მდგომი ერთი კაცისკენ გაექანა, რომელმაც ის ნიჩბით მოიგერია, შემსწრეებმა კი "აცადე გაქცევა!" შესძახეს.