როგორც იცით, ცოტა ხნის წინ სოფიო კილაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის შეზღუდვები იყო ჩამოთვლილი, რომლებიც პირველი სექტემბრიდან შედის ძალაში. პოსტში ნათქვამია, რომ "მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება შეიზღუდება, რადგან ასეთი ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს". ჩამონათვალში არის პუნქტები, რომლებმაც ინტერნეტმომხმარებლებში სავსებით მოსალოდნელი სკეპტიციზმი გამოიწვია: რა არის გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობა და ვინ წყვეტს, გაუკუღმართებულში რა იგულისხმება? კონკრეტულად რას მოიცავს შეურაცხმყოფელი ლექსიკა? არის თუ არა სტატია, რომელშიც სასმელთან დაკავშირებული თამაშებია განხილული "ალკოჰოლის მოხმარების გამართლება ან მოწონება?"

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოცემული შეზღუდვები ბავშვების ფსიქიკისა და კეთილდღეობის დასაცავად საკმარისი არ არის და გთავაზობთ კიდევ 12 რამეს, რაც შეგვიძლია ავკრძალოთ 18 წლამდე პირებისთვის:

1. იმ სოციალური ქსელების მოხმარება, რომლებშიც სევდიანი პოსტები ღიად არის ხელმისაწვდომი

ფოტო: Giphy

2. ბევრთანხმოვნიანი სიტყვები, რომლებიც ზედმეტად აგრესიულად ჟღერს: მაგალითად, გვბრდღვნის... გრგვინავს... ზღმარტლი!

ფოტო: Giphy

3. ზედმეტად ბასრი კიდეების მქონე ფურცლები

ფოტო: Gifer

ზედმეტად წვეტიანი ფანქრებიც შეგვიძლია მივაყოლოთ.

4. ინტერნეტიდან იმ მუსიკალური ნაწარმოებების ჩამოტვირთვა, რომლებიც შეიცავს სიტყვებს “kill” “fuck” “punch” ან შესრულებულია მინორულ რეგისტრში

Bohemian Rhapsody-ს ორიგინალ ვერსიაზე უარია. ზედა ვერსიას უსმინეთ!

5. სტეპლერები

ფოტო: Giphy

6. ძალიან ცხელი ჩაი, თუ მას წინასწარ გავლილი არ აქვს ერთი ჭიქიდან მეორეში გადასხმის პროცედურა

ნუ, ყავა ისედაც არ არის სასურველი. შეგვიძლია სრულად ავკრძალოთ.

7. ქუჩის იმ მხარეს სიარული, რომელ მხარესაც ალკოჰოლური პროდუქციის შემცველი მაღაზიებია

ფოტო: Giphy

ნუ, თუ საკმარისად სწრაფად და უკანმოუხედვად ჩაივლიან, მაშინ არაუშავს.

8. იმ ადამიანებთან მეგობრობა, რომლებსაც უყვართ თავგადასავლები

ფოტო: Giph

ღმერთმა დაიფაროს, 18 წლამდე პირი რაიმე თავგადასავალში ჩაერთოს და ფსიქიკა დაუზიანდეს.

9. ტერენტი გრანელის ლექსები

ისინი დიდი დოზით ახდენენ დეპრესიული განწყობის პოპულარიზაციას

10. იმ ეროვნულ პარკებსა ან ურბანულ სკვერებში გასეირნება, რომლებშიც შესაძლოა რაიმე სახის ეკლიან მცენარეს გადააწყდნენ

ფოტო: Tenor

პრევენციის სახით შესაძლებელია ეკლების გაქლიბვა ან რაიმე ფორმით დარბილება.

11. სახლიდან გასვლა თავის დაბანიდან მალევე

ფოტო: Tenor

ცხადია, ცივ ამინდში რაიმეს შემოცმაც სავალდებულო უნდა გახდეს, მაგრამ ყველა სურვილი ერთად ვერ აგვიხდება

და ბოლოს,

12. გაუკუღმართებული ფორმის ციური სხეულისათვის, კერძოდ კი ცისარტყელისთვის თვალის დევნება

ამ გზით ცისარტყელის ქვეშ გავლასაც ავირიდებთ თავიდან, რითაც ადამიანები უკვე საუკუნეებია, სქესს იცვლიან.

თქვენ ხომ არ დაამატებდით ბავშვების ფსიქიკის დასაცავად რაიმეს?