საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, ოკუპირებული აფხაზეთში COVID-19-ის მკვეთრი აფეთქების ფონზე ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერა გააძლიეროს. ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ სოლიდარობის მკვეთრი ნაბიჯები აჩვენოს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების საპასუხოდ საქართველოს მთავრობას უკვე აქვს გადადგმული ნაბიჯები ოკუპირებული რეგიონების მხარდასაჭერად, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი მეტ საჯაროობას და გაძლიერებას ითხოვს. მათ შორის, აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრის განცხადების პასუხად, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის მოსახლეობას სამედიცინო რესურსებით დამატებითი დახმარება გაუწიოს.

დახმარების ფორმებზე შეთანხმება დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეთანხმებას საჭიროებს და ის საავადმყოფოებში პაციენტების ორგანიზებული გადმოყვანისა ან/და აფხაზეთში სამედიცინო პერსონალისა და შესაბამისი რესურსების გაგზავნაში შეიძლება გამოიხატოს", — აღნიშნულია არასამთავრობოების განცხადებაში.

გუშინ, 17 აგვისტოს, აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მზარდი შემთხვევების ფონზე საჯარო განცხადება გააკეთა და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდა. დე ფაქტო უწყების ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში, რომელიც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ემსახურება, მედპერსონალი არ ჰყოფნით.

მას შემდეგ, რაც პირველ აგვისტოს რეგიონი ტურისტებისთვის გაიხსნა, აფხაზეთში ინფექციის მკვეთრი აფეთქება დაფიქსირდა. მხოლოდ 16 აგვისტოს, აფხაზეთში, COVID-19-ით ინფიცირების 26 შემთხვევა გამოვლინდა, რაც სამჯერ მეტია დღე-ღამის წინა, ასევე, ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე.

18 აგვისტოს მონაცემებით, აფხაზეთში, კორონავირუსის 197 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელდა — 77, გარდაიცვალა — 3.

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  • კავკასიური სახლი;
  • მშვიდობისა და სამოქალაქო განითარების ცენტრი (CPCD);
  • ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC);
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI).