ფოტოგრაფმა ჯეკი ბლექმა აშშ-ში სიკვდილით დასჯის სისტემის საილუსტრაციოდ ახალი პროექტი გააკეთა, რომლის ფარგლებშიც სიკვდილმისჯილი პატიმრების ბოლო სურვილი — უკანასკნელი კერძები, რომლებიც მათივე სურვილის მიხედვით სიკვდილის წინ მიირთვეს, შავ ფონზე გადაიღო.

"როგორი გრძნობაა, როცა ბოლო კერძს ითხოვ, სანამ სიკვდილით დაგსჯიან იმ დანაშაულის გამო, რომელიც ჩაიდინე ან არ ჩაგიდენია? თუ ამ კერძების წინ წარმოვიდგენთ საკუთარ თავს, შესაძლოა მათი გამოცდილების გაზიარება შევძლოთ. იქნებ, ჩვენი მოტივები და სასამართლო სისტემასთან თანამონაწილეობაც დავაყენოთ ეჭვქვეშ. იქნებ, ამ მსჯავრდებულების მიმართ თანაგრძნობის გამოჩენაც შევძლოთ", — ვკითხულობთ პროექტის აღწერაში.

ფოტოგრაფის მიერ აღდგენილ უკანასკნელ კერძებს სიკვდილმისჯილთა მოკლე ინფორმაცია და ბოლო სიტყვა ახლავს თან.

დევიდ უეინ სტოკერი

ფოტო: JACKIE BLACK

სიკვდილით დასჯის თარიღი: 1997 წლის 16 ივნისი

განათლება: რვა წელი

საქმიანობა: მძიმე ტექნიკის ოპერატორი / დურგალი

ბოლო სიტყვა: "ძალიან ვწუხვარ თქვენი დანაკარგის გამო... მაგრამ მე არავინ მომიკლავს".

ენტონი რეი უესტლი

ფოტო: JACKIE BLACK

სიკვდილით დასჯის თარიღი: 1997 წლის 13 მაისი

განათლება: რვა წელი

საქმიანობა: მუშა

ბოლო სიტყვა: "მინდა იცოდეთ, რომ არავინ მომიკლავს. ყველანი მიყვარხართ".

თომას ენდი ბეირფუთი

ფოტო: JACKIE BLACK

სიკვდილით დასჯის თარიღი: 1984 წლის 30 ოქტომბერი

განათლება: აღნიშნული არ არის

საქმიანობა: ნავთობის მრეწველობის მუშა

ბოლო სიტყვა: "ვიმედოვნებ, ერთხელაც შეგვეძლება შევაფასოთ ის ბოროტება, რასაც ახლა ჩავდივართ; ისევე, როგორც ძელზე დაბმულ ჯადოქრებს ვწვავდით წარსულში. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გულში არავის წყენა არ მრჩება. ყველას მივუტევე. იმედი მაქვს, მეც ასევე მაპატიეს ყველაფერი.

მთელი დღე (მსხვერპლის) ცოლისთვის ვლოცულობდი, რათა მისი გული მწუხარებისგან დაიცალოს, რადგან გულში ჩაბუდებულ მწუხარებას ისევე შეუძლია ის ჯოჯოხეთის გზას დააყენოს, როგორც სხვა ნებისმიერ ცოდვას. ვწუხვარ იმ ყველაფრისთვის, რაც ჩამიდენია. იმედია, ყველა მაპატიებს".

ჯეიმს რასელი

ფოტო: JACKIE BLACK

სიკვდილით დასჯის თარიღი: 1991 წლის 19 სექტემბერი

განათლება: 10 წელი

საქმიანობა: მუსიკოსი

ბოლო სიტყვა: სიკვდილით დასჯამდე სამი წუთით ადრე გააფრთხილეს, რომ უკანასკნელი სიტყვის დატოვება შეეძლო, თუმცა მისი ბოლო სიტყვები არ ჩაწერილა.

ჯეფრი ალენ ბარნი

ფოტო: JACKIE BLACK

სიკვდილით დასჯის თარიღი: 1986 წლის 16 აპრილი

განათლება: აღნიშნული არ არის

საქმიანობა: აღნიშნული არ არის

ბოლო სიტყვა: "ვწუხვარ იმის გამო, რაც ჩავიდინე. ეს დავიმსახურე. ღმერთო, მომიტევე".

ჯონი ფრენკ გარეტი

ფოტო: JACKIE BLACK

სიკვდილით დასჯის თარიღი: 1992 წლის 11 თებერვალი

განათლება: 7 წელი

საქმიანობა: მუშა

ბოლო სიტყვა: "მადლობა ჩემს ოჯახს იმ სიყვარულისა და ზრუნვის გამო, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინეს. დანარჩენმა სამყარომ კი ტრაკზე მაკოცოს".

უილიამ პრინს დევისი

ფოტო: JACKIE BLACK

სიკვდილით დასჯის თარიღი: 1999 წლის 14 სექტემბერი

განათლება: 7 წელი

საქმიანობა: სახურავის ხელოსანი

ბოლო სიტყვა: "მთელი გულით ვთხოვ პატიებას იმ ოჯახს, რომელსაც ჩემი ქმედებებით ასეთი ტკივილი და ტანჯვა მივაყენე. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო სხვა სიკვდილმისჯილ პატიმრებს, რომლებიც წლების განმავლობაში ყოველთვის სიყვარულით მექცეოდნენ.

ვიმედოვნებ, მეცნიერებისთვის სხეულის გადაცემით ჩემი ზოგიერთი ნაწილი მაინც იქნება გამოსადეგი და ვიღაცას ასე მაინც დავეხმარები..."

ჯერალდ ლი მიჩელი

ფოტო: JACKIE BLACK

სიკვდილით დასჯის თარიღი: 2001 წლის 22 ოქტომბერი

განათლება: 10 წელი

საქმიანობა: დურგალი

ბოლო სიტყვა: "ბოდიში იმ ტკივილის გამო, რაც მე გამოვიწვიე. ბოდიში იმ სიცოცხლის გამო, რომელიც წაგართვით. ღმერთს შენდობას ვთხოვ და თქვენც იმავეს გევედრებით. ვიცი, ეს შეიძლება რთული იყოს. მაგრამ მართლა ძალიან ვნანობ, რაც ჩავიდინე.

ჩემს ოჯახს კი მინდა ახსოვდეს, რომ მისი თითოეული წევრი მიყვარს. ძლიერები იყავით. ვიცი, ჩემი სიყვარული ყოველთვის თქვენთან იქნება. ვიცი, რომ სახლში ვბრუნდები ღმერთთან. ჩემთვის თუ იტირებთ, მხოლოდ ბედნიერების ცრემლებით იტირეთ".

რობერტ ენტონი მედენი

ფოტო: JACKIE BLACK

უკანასკნელი კერძი: ითხოვა, რომ თავისი ბოლო საჭმელი უსახლკარო ადამიანისთვის მიეცათ. თხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

სიკვდილით დასჯის თარიღი: 1997 წლის 28 მაისი

განათლება: 12 წელი

საქმიანობა: მზარეული

ბოლო სიტყვა: "ვწუხვარ თქვენი დანაკარგისა და ტკვილის გამო, მაგრამ ის ადამიანები მე არ მომიკლავს. იმედია, ჩვენ ყველანი ვისწავლით რაღაცას მაინც საკუთარი ქმედებებისგან და ერთმანეთისგან. ვისწავლით, რომ უნდა დავარღვიოთ სიძულვილისა და შურისძიების ჩაკეტილი წრე და ის დავაფასოთ, რაც რეალურად ღირებულია ამ სამყაროში.

ამ განაჩენის გამო, რომელიც არასწორია, ყველას მივუტევე".

ჯეიმს ბითერდი

ფოტო: JACKIE BLACK

სიკვდილით დასჯის თარიღი: 1999 წლის 9 დეკემბერი

განათლება: 15 წელი

საქმიანობა: მოტოციკლის მექანიკოსი

ბოლო სიტყვა: "მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ სიყვარულის გამო, რომელიც ჩემმა ოჯახმა მომცა. სამყაროში არავის ჰყავდა იმაზე კარგი ოჯახი, ვიდრე მე. საუკეთესო მშობლები და ყველაზე მშვენიერი ცოლი მყავდა. ჩემი შვილებით ყველაზე ამაყი ვიყავი.

რამდენიმე საკითხია, რაზეც მინდა ასევე ვისაუბრო, რადგან ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ვიცი, რომ ჩემს ნათქვამს ადამიანები მოისმენენ. ამერიკის შეერთებული შტატები ის ადგილი გახდა, სადაც ადამიანის სიცოცხლეს პატივს საერთოდ არ სცემენ. ჩემი სიკვდილი უფრო დიდი დაავადების სიმპტომია. ერთხელაც ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გაიღვიძოს და შეწყვიტოს ის ქმედებები, რომლებიც სხვა ქვეყნებს ანადგურებს და უდანაშაულო ბავშვებს ღუპავს. დაწესებული ემბარგოები და სანქციები ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორებიცაა ირანი, ერაყი, კუბა და სხვა, საერთოდ არ ცვლის სამყაროს უკეთესობისკენ და უბრალოდ უდანაშაულო ბავშევბს აყენებს ზიანს.

შესაძლოა, სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ დამანგრევლად ვეპყრობით გარემოს, რადგან თუ ასე გავაგრძელებთ, ისეთ შედეგებს მივიღებთ, რომ მნიშვნელობა აღარ ექნება, როგორ ვექცევით ერთმანეთს, რადგან ამ პლანეტაზე აღარავის ადგილი დარჩება.

ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ სიმართლე ითქვას და ადამიანებმა გაიგონ, თუ რა ხდება სინამდვილეში, საჭიროა, მედიის თავისუფლებას დავუჭიროთ მხარი. ახლა კი ვხედავ, რომ მედია წნეხს განიცდის, რათა თავისუფალ ინსტიტუტად დარჩეს".

ფოტოგრაფ ჯეკი ბლექის ამ პროექტის სურათები ნიუ-იორკში მდებარე პერიშის ხელოვნების მუზეუმში 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება გამოფენილი.