ვასილ მაღლაფერიძის თქმით, საკანონმდებლო ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში რაიმე თანამდებობის დაკავებას არ აპირებს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტის დატოვების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა. მაღლაფერიძე ამბობს, რომ მუშაობას ტელესკოლაში, საგანმანათლებლო პროექტებზე გააგრძელებს.

"რომ აღარ დასვათ შემდეგი შეკითხვები, პარლამენტი, სამინისტრო, ყველანაირი შეთქმულების თეორია, თუ გინდა ბელორუსიაც მიაყოლეთ, გამორიცხეთ. ერთადერთი, რაზეც მუშაობას გავაგრძელებ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი და საპატიოა, ტელესკოლაში, რომელიც შევქმენით, მაქვს ორი საგანმანათლებლო პროექტი. ამას გავაკეთებ იანვრამდე, იანვრის მერე შევხედოთ როგორ იქნება საქმე", — თქვა მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა დღეს, 18 აგვისტოს დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

ვასილ მაღლაფერიძე დირექტორი 2017 წლიდან იყო. ის ამ თანამდებობაზე განმეორებით კენჭისყრის შედეგად მოხვდა. მას სამეურვეო საბჭოს 6-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მაღლაფერიძის კონკურენტმა, თიკო ბერძენიშვილმა კი, 2 ხმა მიიღო. ის დღეს მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.