ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ენმ მკაფიოდ მხარს უჭერს ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურად დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, საბურთალოს ოლქში კი "უბრალოდ" საკუთარ კანდიდატს არ დააყენებენ. ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ოპოზიციამ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე წარადგინა, საბურთალოს ოლქში კი — ირაკლი ოქრუაშვილი.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ზურა ჯაფარიძეს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატად, მკაფიოდ. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, იქ ჩვენ უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ, ვინაიდან ბევრი ღირსეული კანდიდატია თავმოყრილი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან", — აცხადებს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია.

ოპოზიციის საერთო კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში კი ირაკლი ოქრუაშვილი. ამის შესახებ განცხადება ლეიბორისტული პარტიის ოფისში შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართული მოლაპარაკების შემდგომ გააკეთა.