ოპოზიციის საერთო კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში კი ირაკლი ოქრუაშვილი.

განცხადება ლეიბორისტული პარტიის ოფისში შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

"საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება დაუცხრომელი მებრძოლი ყველა ხელისუფლებასთან, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი. დარწმუნებული ვართ, რომ მას იქ გამარჯვება ელოდება. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება ბატონი ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც ყველა ვიცნობთ და რომლის აქტიურობითაც მოხიბლული ვართ ყოველთვის", — განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე განცხადებით, შედეგად, ოპოზიცია თბილისში საერთო კანდიდატებზე სრულად შეთანხმდა და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ "რეჟიმს დედაქალაქი 31 ოქტომბერს დაკარგული აქვს".

შალვა ნათელაშვილმა დღეს ასევე თქვა, რომ პარტიებმა მიიღეს დეკლარაცია ხმების ურთიერთდაცვაზე. მან ორივე გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.

"რა თქმა უნდა, კონსულტაციები იყო ძალიან რთული, საპასუხისმგებლო, დაძაბული და მე არ მახსენდება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში მეორე პრეცედენტი იმისა, რომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა მოილაპარაკა საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე თუნდაც დედაქალაქში. ეს შევა ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში და შევა პოლიტიკის სახელმძღვანელოებშიც მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დაინტერესდებიან ამგვარი პრობლემატიკით", — თქვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, ხმების ურთიერთდაცვის შესახებ დეკლარაციას უახლოეს პერიოდში მოეწერება ხელი და მას მოლაპარაკებებში ჩართული ყველა ოპოზიციური პარტია უერთდება.