მესტიაში, სოფელ ლენჯერში მცხოვრებმა ადამიანებმა მუნიციპალიტეტის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს.

ისინი ამბობენ, რომ სოფელი ჩაკეტვას არ საჭიროებს და ხელისუფლებისგან შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ პროდუქტების საჭირო მარაგი არ აქვთ.

"ოქტომბერში თოვლი იქნება და მერე რა ვქნათ? რატომ გააკეთეს ბლოკსაგუშაგო შუა სოფელში? არ საჭიროებს ამდენ ჩაკეტვას მოსახლეობა. უნდა გაიხსნას გზა. ზოგიერთს ატარებენ, ზოგიერთს — არა", — ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის მიმდინარეობისას მოხდა ინციდენტიც. მესტიის გამგებელმა, კახა ჟორჟოლიანმა აქციის მონაწილისთვის ტელეფონის წართმევა სცადა.

ამის ამსახველ ვიდეო სოციალურ ქსელში ანა ჩართოლანმა გაავრცელა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტი, მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ჩაიკეტა.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მესტიასთან ერთად შესვლა და გამოსვლა სოფლებს შორისაც შეიზღუდა.