ევროკავშირში დღეს დაგეგმილია ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხზე კენჭისყრა. აღნიშნულ პროცესს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი:

"ბოლო კვირებში ვიხილეთ წინგადადგმული ნაბიჯები, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეს კენჭისყრა წარმატებით დასრულდება და ჩვენ რამდენიმე კვირაში მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას. შეჩერების მექანიზმი კი იმისთვის შემოდის, რომ თუკი ევროკავშირის ქვეყნები ჩათვლიან, რომ ჩვენ აღარ ვიმსახურებთ უვიზო რეჟიმს, ეს უვიზო რეჟიმი მარტივად გაუქმდეს. შესაძლებელია თუ არა უვიზო რეჟიმი გაგვიუქმდეს, ეს 100 პროცენტით არის დამოკიდებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ქცევაზე. არ უნდა დავარღვიოთ იქაური კანონები, არ მოვინდომოთ იქ დარჩენა, როცა იქ შესული ვართ 90 დღით და არა - მეტით. აღარაფერს ვამბობ, მართალია, იმ უმცირესობაზე, მაგრამ მათმა საქციელმა, რომლებიც დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში ორგანიზებულ დანაშაულებებში არიან ჩართული, ეს პროცესი გააჭიანურა, ეს ღიად უნდა ითქვას".