იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი 16 აგვისტოს გვიან ღამით მინსკიდან თბილისში განხორციელებულ რეისთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამთავრობო რესურსით ელჩის გაგზავნა მინსკში სახელმწიფოს დროული გადაწყვეტილება იყო.

"ელჩი იმყოფებოდა თავის სამშობლოში, თბილისში. როდესაც დასჭირდა სახელმწიფოს იმიტომ, რომ ვერც ერთი ელჩი და ვერც ერთი საქართველოს მოქალაქე ვერ ივარაუდებდა წინასწარ, რომ მინსკში იქნებოდა ეს მოვლენები, რომელიც მიმდინარეობს, სახელმწიფომ სწორედ დროული გადაწყვეტილება მიიღო და სამთავრობო რესურსით ელჩი გაუშვა მინსკში, სადაც შეიძლება სახელმწიფოს, ჩვენს სახელმწიფოს, სწორედ ახლა დასჭირდეს წარმომადგენელი", — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა

თეა წულუკიანმა, ასევე თქვა, რომ მინსკის რეისს მოყოლილი გამოხმაურება ყალბი ინფორმაციის შექმნის მცდელობაა.

"ვფიქრობ, ამ ნორმალური სიტუაციიდან არანორმალურობის განცდის შექმნა არის მორიგი ყალბი ინფორმაციის შექმნის მცდელობა", — განაცხადა მინისტრმა.

16 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მინსკის მიმართულებით თბილისიდან გაფრინდა სამთავრობო თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში On.ge-ს უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილი მინსკში არ ყოფილა. მეორე დღეს, 17 აგვისტოს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და თქვა, რომ ბელარუსში საქართველოდან ელჩი, ვალერი კვარაცხელია გაფრინდა, რომელიც საქართველოში 6 აგვისტოდან იმყოფებოდა. უწყების თქმით, ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.